მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი - ნათელაშვილი

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა და პარლამენტში მიმდინარე კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

„როგორც ცნობილია, ვერანაირმა ზეწოლამ „ლეიბორისტული პარტია“ ვერ აიძულა, შესულიყო ივანიშვილის სახელობის პარლამენტში და გაეთეთრებინა გაყალბებული არჩევნების შედეგები და მიტაცებული, უზურპირებული ძალაუფლება. სასჯელმაც არ დააყოვნა. ამ წუთებში პლენარული სხდომა განიხილავს კანონს, ფაქტობრივად, ლეიბორისტული პარტიის საქმიანობის აკრძალვის თაობაზე, რომლის თანახმადაც, ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა მილიარდელმა ივანიშვილმა, 20 000 ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ყოველდღე ივანიშვილს თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის ის თანხა, იმასაც გვართმევენ.

ამავდროულად მე მოვუწოდებ პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რადგან ოლიგარქმა დაიწყო რეპრესიების ახალი ტალღა, გამოაცხადეთ ბოიკოტი და დატოვეთ პარლამენტი. მოვუწოდებ პრეზიდენტს, უუფლებოს, მაგრამ მაინც გარანტორს შეთანხმების – დაადე ვეტო არსებულ კანონპროექტს, თუ ის იქნება მიღებული. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში ბოლოსდაბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის ქონებას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ცვლილების თანახმადაც პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს და  კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს დაკარგავს.

ასევე, კანონპროექტის თანახმად,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილი პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

პარტია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრთა ფაქტობრივი რაოდენობა მის მიერ მიღებული მანდატების ნახევრამდე მაინც შემცირდება. ამ გარემოების შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუწყდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრთა ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება მორიგი პლენარული სხდომების ნახევარზე მეტს. ამ გარემოების შემთხვევაში, პარტიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუჩერდება მომდევნო კალენდარული თვის პირველი დღიდან.

ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.