მოვუწოდებთ ხელისუფლებას ჰომოფობია სისტემურ პრობლემად აღიაროს - WISG

პუბლიკა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ WISG  ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ხელისუფლებას და მედიას ადეკვატური რეაგირებისკენ.

„მივიჩნევთ, რომ ძალადობრივი ჯგუფების მობილიზება ფილმის პრემიერასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული ჰომო/ბი/ტრანსფობიის მანიფესტირებას, რაზეც ხელისუფლების მხრიდან სათანადო რეაგირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, “- ამბობენ ორგანიზაცაში. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შემაშფოთებელია, მედიის მუშაობაც მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას, როცა ჟურნალისტები ყოველგვარი პასუხისმგემლობის მოხსნით, კრიტიკული კითხვების გარეშე და ეთიკის სტანდარტების დარღვევით, ძალადობრივი ჯგუფების ლიდერებს და წევრებს საშუალებას აძლევენ პირდაპირ ეთერში კამერების წინ გააკეთონ აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდებები და ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებები.

„ერთეული შემთხვევის გამოძიება და ცალკეული ადამიანების დაკავება არ არის ადეკვატური პასუხი ლევან ვასაძის ჯგუფის, ქართული მარშის მოძრაობის და სხვა ძალადობრივი ჯგუფების მიერ კოორდინირებული და მიზანმიმართული სიძულვილის შემცველი და აგრესიული საქმიანობის საპასუხოდ, რასაც ეს ჯგუფები დიდი ხანია გამუდმებით ეწევიან, და რამაც არაერთხელ შეუქმნა საფრთხე მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფების, განსაკუთრებით ლგბტქი აქტივისტების, მშვიდობიან შეკრებას, “- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი” WISG მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას:

  • სამართალდამცავი უწყება არ შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეულ ადმინისტრაცული სამართალდარღვევებზე რეაგირებით და დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების – ლევან ვასაძის, ქართული მარშის ლიდერების, მათ შორის სანდრო ბრეგაძის და სხვათა – მიერ და ბრალი წარედგინოთ მათ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

საქართველოს ხელისუფლებას:

  • აღიაროს ჰომოფობია სისტემურ პრობლემად, გაატაროს ჰომო/ბი/ტრანსფობიის შემცირებისკენ მიმართული თანმიმდევრული პოლიტიკა და ასახოს ეს მთავრობის ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში.
  • Სასწრაფოდ შეიმუშავოს სისტემური პრევენციული პოლიტიკა ძალადობრივი ექსტრემისტული ჯგუფების მიმართ;

მედიას და ჟურნალისტებს:

  • გაიაზრონ ეთიკური მედიის პრინციპები და პასუხისმგებლობა და ძალადობრივი ჯგუფების საქმიანობის გაშუქებისას იყვნენ კრიტიკულები და არა ნეიტრალურები.
  • არ დაუშვან პირდაპირი ეთერით ჰომოფობიური, სიძულვილის ენის შემცველი და აგრესიისა და ძალადობისკენ მოწოდებების უკონტროლოდ გავრცელება. ამით მედია მხოლოდ თანამონაწილე ხდება ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებების და მყისიერ საფრთხეს ქმნის აგრესიული ჯგუფების მობილიზებისთვის.
  • ტელეეთერიდან ღიად ჰომოფობიური მოწოდებები ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ლგბტ ადამიანებს უმძრაფრებს ტრავმულ განცდებს.