მოვუწოდებთ პრეზიდენტს გამოიყენოს ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებზე - ვაშაძე

პუბლიკა

„სტრატეგია – აღმაშნებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ანტიდემოკრატიულს უწოდებს და მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, კანონთან დაკავშირებით ვეტოს უფლება გამოიყენოს.

„მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება ამ კანონთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ის არის ანტიდემოკრატიული კანონი და ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რითიც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას, რომ დაბრუნდეს ძველი რედაქცია, რაც იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, – განაცხადა ვაშაძემ.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, გაამკაცრდა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე.