მოვუწოდებთ სახელმწიფოს, დაავალოს დამსაქმებლებს დასაქმებულების ტრანსპორტირება - EMC

პუბლიკა

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას სათანადო ქმედითი ნაბიჯები დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე გადაადგილების უზრუნველსაყოფად.

მათი თქმით, დღეს, საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გათვალისწინებით დასაქმებულების ნაწილს კვლავ უწევს „აუცილებელი შრომის“ შესრულება, რომელიც არ ექვემდებარება საგანგებო მდგომარეობით დაწესებულ შეზღუდვებს.

„მიუხედავად აუცილებელ სამუშაოზე დასაქმებული მუშახელის საქმიანობის კრიტიკული მნიშვნელობისა, ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ყოველდღიური საფრთხის ქვეშ, უკიდურესად დაბალ ანაზღაურებაზე და უფლებების სისტემატიური დარღვევის პირობებში მუშაობენ“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, დასაქმებულების მძიმე სამუშაო პირობები კიდევ უფრო გაუარესდა მთავრობის მიერ დადგენილი სატრანსპორტო აკრძალვებით.

„შეზღუდვა პირდაპირპროპორციულად აისახება დასაქმებულთა მიერ სამუშაოს შესრულების შესაძლებლობაზე. აღნიშნული გარემოება, მნიშვნელოვნად ზრდის დამსაქმებელთა მხრიდან ამ ფაქტორების ბოროტად გამოყენების ალბათობას, რაც დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე უარის თქმით და მათთან დადებული შრომით ხელშეკრულებების შეწყვეტით გამოიხატება.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით[4].

სატრანსპორტო შეზღუდვის გათვალისწინებით, სამუშაო ადგილზე დასაქმებულის საკუთარი ხარჯებით გამოცხადება, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლად უნდა ჩაითვალოს“, – წერია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, დაუშვებელია დასაქმებულებს მოეთხოვოთ საკუთარი ხარჯებით, ქვეყანაში დაშვებული M1 სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ასევე სამუშაო ადგილებზე, ტაქსებით გამოცხადება.  აღნიშნული გარემოება მძიმედ აისახება მათ, ისედაც მიზერულ, ანაზღაურებაზე დასაქმებული პირების შემოსავალზე.

ასევე აღნიშნულია, რომ შრომითი ხელშეკრულების სპეციფიკისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, დამსაქმებელი ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს, რათა შრომითი ურთიერთობა შეცვლილ გარემოებებს მიუსადაგოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულებს უნდა შეუნარჩუნდეთ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ანაზღაურება სრულად[6].

EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს,  გამოიყენოს საგანგებო უფლებამოსილება და:

  • საგანგებო მდგომარეობის ვადით დამსაქმებლებს დაავალოს დასაქმებულთა ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უზრუნველყოფა – მათი სამუშაო ადგილზე მიყვანა და წამოყვანა, და საჭიროების შემთხვევაში, აღმოუჩინოს დამსაქმებლებს შესაბამისი მხარდაჭერა.

წაიკითხეთ განცხადება სრულად აქ: