მსგავსი არაფერი განიხილება, ვრცელდება ჭორები - იმნაძე სრული ლოქდაუნის შესახებ

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, სრული ლოკდაუნის გამოცხადების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

„სამწუხაროდ, ამ ქვეყანაზე ბევრი ადამიანია, რომელიც ჭორების გავრცელებით არის დაკავებული და დაახლოებით, ასეთი პრინციპით არის, რაც უარესი მით უკეთესი. არაფერი არ განიხილება მსგავსი. განიხილება ის, რაც იყო გამოცხადებულია თავიდან, საუბარია ორთვიან გეგმაზე. ყველაფერი გაკეთდება ამ გეგმის მიხედვით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 8 394 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 097 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 208 პირი. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 221 605-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 203 547-მდე.

ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.