მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვისთვის ელექტრონული ზედამხედველობა ქალებზე მოძალადეებისთვის – კანონპროექტი

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს შემაკავებელი ორდერის გამოცემის პარალელურად, მისი ეფექტიანობისა და აღსრულების გაზრდის მიზნით, ელექტრონულ ზედამხედველობას მოძალადეების მიმართ.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, კანონს ემატება მუხლი, რომელიც მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელებას ითვალისწინებს.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით,  ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. საფრთხის არსებობას აფასებს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი, შემაკავებელი ორდერის ოქმით, განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე. ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში.

საფრთხის შეფასებისას, ყურადღება მიექცევა:

წარსულში მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტს, დარღვევის ხასიათს; მოძალადის მხრიდან წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტს; მოძალადის მიერ მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენების/დემონსტრირების ფაქტსა და სხვა გარემოებებს.

კანონპროექტის მიხედვით, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შესახებ მითითება კეთდება შემაკავებელი ორდერის ოქმში, იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული ზედამხედველობა წესდება შემაკავებელი ორდერის გამოცემისას. გარდა ამისა, გამოიცემა ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების შესახებ ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად აუცილებელია, მსხვერპლის ან მისი კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის თანხმობა. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.

ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ელექტრონული საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის განმეორებით მიღებული გაფრთხილების შეუსრულებლობა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად საჭიროა, მსხვერპლს გადაეცეს შესაბამისი ტექნიკური საშუალება, მოძალადეს კი სხეულზე დაუმაგრდეს ელექტრონული საშუალება, რისთვისაც პოლიცია უფლებამოსილია მსხვერპლი/მოძალადე გადაიყვანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის განხორციელება ადგილზე შეუძლებელია. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში.

კანონპროექტის თანახმად, აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა წარმოადგენს ელექტრონული ზედამხედველობის გაუქმების ავტომატურ საფუძველს, ხოლო პირის დაკავება ან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება წარმოადგენს ელექტრონული ზედამხედველობის შეჩერების საფუძველს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ელექტრონული ზედამხედველობისათვის აუცილებელი მოწყობილობის ერთი ერთეული კომპლექტის ღირებულება არის 2 820 აშშ დოლარი, ამასთან თითო მოწყობილობის მიმდინარე ხარჯი წარმოადგენს თვეში 10 ლარს. მოცემულ მომენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილებაშია 100 ცალი ელექტრონული სამაჯური, 1000 ერთეულზე გათვლილი სერვერი და პროგრამა. დასახელებული ხარჯი 2020 წლის ჩათვლით დაფარულია UN WOMEN-ის მიერ, თუმცა აუცილებელი იქნება მათი 2021 წლის და შემდგომ ბიუჯეტში გათვალისწინება

შსს-მ ზედამხედველობის მექანიზმის დანერგვის შესახებ კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს  2019 წლის სექტემბერში წარუდგინა.