მსოფლიოში საფრთხე იმაზე მეტად იქნა შეფასებული, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა - გიორგი გოცაძე

პუბლიკა

Forbes Talks-ში საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ დირექტორმა გიორგი გოცაძემ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა და ხელისუფლების მიერ ვირუსის გავრცელების საწყის და შემდგომ ეტაპებზე გადადგმული ნაბიჯები შეაფასა.

გთავაზობთ, ამ და სხვა საკითხებზე მის მოსაზრებებს, რომელიც მან გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში გააჟღერა.

გიორგი გოცაძის თქმით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში ქვეყნები სამ ჯგუფად იყოფიან. საქართველოს ინფექციის გავრცელების ისეთივე მასშტაბი აქვს, როგორიც იაპონიას და სამხრეთ კორეას. მისი თქმით, ჩვენ მილიონ მოსახლეზე 150 შემთხვევა გვაქვს კორონავირუსით ინფიცირების. არიან ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი მილიონ მოსახლეზე 1700 -ია, ან მეტი.

ვირუსის გავრცელების შეკავებისთვის ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შეფასებისას გიორგი გოცაძემ აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სამსახურებმა, რომლებიც შემთხვევების იდენტიფიცირებაზე, შემდეგ მათი კონტაქტების მოძიებაზე და კარანტინში გადაყვანაზე მუშაობდნენ, დიდი შრომა გასწიეს და ინფიცირების რეგისტრირებული შემთხვევების ციფრები, რომლებიც საქართველოს დღეს აქვს, სწორედ მათი დამსახურებაა.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს რიცხვი სამხრეთ კორეის მსგავსია, რომელმაც ზუსტად იმავე გავრცელებას, მილიონ მოსახლეზე გადათვლით ვამბობ, მიაღწია ეკონომიკის ბოლომდე არჩაკვეტვით. ეკონომიკას მისცა ჟანგბადი და ასაზრდოვა. ეპიდემიოლოგიური კუთხით ვითარება კარგად ვმართეთ“,  – განაცხადა გიორგი გოცაძემ.  მისი თქმით, რისკი არის ის, რომ შესაძლოა, ეპიდემია შემოდგომაზე ისევ დაბრუნდეს და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქვეყანა მოემზადოს, რომ ეკონომიკის ხარჯზე არ მივიღოთ შედეგი, რომელსაც ჯანდაცვაში ვიღებთ.

გიორგი გოცაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, რამდენად კარგად გამოიყენა სახელმწიფომ ის დრო, რომელიც მოიგეს ეპიდემიოლოგებმა, როცა ვირუსით ინფიცირებულები პირების იდენტიფიცირებისა და შემდეგ მათი კონტაქტების აქტიური კვლევით ვირუსს გავრცელების საშუალება არ მისცეს. მისი თქმით, ის ამ საკითხის შეფასებისას ხელმძღვანელობს როგორც ობიექტური მონაცემებით, ისე სუბიექტური შეგრძნებებით.

„არსებობს ობიექტური პასუხი ობიექტურ მონაცემეზე დაყრდნობით და არსებობს სუბიექტური პასუხი. ამიტომ შევეცდები, ორივე მხარეს შევეხო. პირველი არის ის, რომ ნამდვილად მოვიგეთ დრო, რომ რაღაც მოგვემზადებინა. აქ მგონი სადავო არაფერია, ეს ვიცით. დაბალი გვაქვს გავრცელება და ეს ფაქტია. რა მოვამზადეთ? პირველი, რაც შემიძლია ვთქვა, თან რაღაც რიცხვებს ჩავხედე კიდეც, ეს არის ის, რომ მოსახლეობაში გარკვეული ცოდნის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამაში დიდი წვლილი შეიტანა მედიამ.

დანარჩენზე მე შემიძლია ვისაუბრო როგორც მოქალაქემ, რაც მესმის მედიიდან. ეს არის გაუთავებელი საუბრები ტესტების შემოტანაზე, რომელიც ორი თვე გაგრძელდა და აპრილის ბოლოს დასრულდა ეს საუბარი.

საუბარი იყო ექიმების დაცვის საკითხებზე, საუბარი იყო სამედიცინო პერსონალის მაღალ ინფიცირებაზე და მუდმივად მიდიოდა საუბარი მათ ადეკვატურ დაცვაზე, რომ ინფიცირების ასეთი დონე სამედიცინო პერსონალში არ მიგვეღო. ანუ არის რაღაცები, რისთვისაც ვერ მოვემზადეთ.

სუბიექტურს რატომ ვამბობ? არ არის ციფრები, რომ ობიექტური განზომილებებით შეაფასო. ამიტომ არის შეგრძენებების დონეზე, რას გადმოსცემს და ტირაჟირებს მედია, და რას ხედავ ფაქტობრივ მონაცემებში, როგორ ადარებ ამ ორს ერთმანეთს“, – ამბობს გიორგი გოცაძემ.

მისივე ინფორმაციით, მზად არის პირველადი ჯანდაცვის სისტემაც, თუმცა ამ სიმძლავრის გამოყენება ჯერ არ დაგვჭირვებია.

„ნაწილი, რომელიც არ ჩანს, ეს არის პირველადი ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც ვიყენებთ, როგორც ფარს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ინფექცია არ გავრცელდა აქტიურად ამ ფარის გამოყენება ძირითადად არ დაგვჭირდა. ეს ფარი გამოგვადგება თუ მივცემთ ინფექციას გავრცელების საშუალებას, რომ გვქონდეს არა 5- 10 შემთხვევა დღეში, არამედ 50 ან თუნდაც 100 შემთხვევა“, – ამბობს გიორგი გოცაძე.

მან ასევე ისაუბრა ვირუსის გავრცელების ხასიათზე.

„ამ ვირუსს აქვს კლასტერული გავრცელება. შესაბამისად, არის მათემატიკური კავშირი შესაძლო კონტაქტების რაოდენობასა და ინფექციის გადადებას შორის. მე, მაგალითად, ვიცი, რომ ბევრი სილამაზის სალონია საქართველოში სადაც ერთი, ან ორი ადამიანი მუშაობს და მაქსიმუმ შეუძლია 6 კლიენტს მოემსახუროს დღის განმავლობაში. გადამდები ადამიანი კიდე გადამდებია რამდენიმე დღე. მათემატიკურად შეგიძლია დათვალო,  რომ, ეს რომ გახსნა ალბათობის თეორიით თქვა, რამდენი პაციენტი შეიძლება მიიღო. სილამაზის სალონებისთვის ეს ბიზნესი მათი საარსებო წყაროა და არ მესმის, რატომ ვხსნით მეექვსე ეტაპზე. რა ეპიდემიოლოგიური ლოგიკა დგას ამის უკან, რომ ასეთ სალონები იხსნება ბოლოს. რატომ არ შეგვეძლო გვეთქვა, რომ თუ გაქვს 4 ან 6-კვადრატიანი სალონი, გახსენი იმუშავე და შენი ლუკმაპურის ფული იშოვე.

მე ეპიდემიოლოგი არ ვარ, მაგრამ რაღაცეებს რომ შეხედავ საღი აზრით, არ ამართლებს.  საქართველოს აღწერაში რომ ჩაიხედო, არის რიგი რაიონები, სადაც 400- 500 ადამიანზე მეტი არ ცხოვრობს. რეალურად იმ სოფლების კარანტინში ჩაკეტვა რა იმხელა საფრთხეს წარმოადგენს, რომ ხარჯს ვიღებთ. რა წარმოადგენს იქ საფრთხეს? იქ საფრთხეა დიდი რაოდენობა ხანდაზმულებისა, რომელთა კარანტინში გადაყვანა შესაძლოა, უფრო იაფი დაგვიჯდეს, ვიდრე იმ მთელი სოფლის ან უბნის ჩაკეტვა. ეს ჩემი აზრია და არ ვამტკიცებ, რომ სწორი აზრია. მე რომ ვიყო ვიმსჯელებდი ამ განზომილებით. რა მირჩევნია – ხანდაზმულები გადავიყვანო კარანტინში და დავიცვა მათი უსაფრთხოება და დანარჩენ ხალხს მივცე არსებობის საშუალება, თუ ჩავკეტო მთელი სოფელი.

გაჭირვებული ქვეყნისთვის ეს ხარჯია. ეს ხარჯი გაიღება და რამდენად ეფექტურია ამ ხარჯის გაღება. გირჩევნია, გაიღო ამ ღონისძიებებზე, თუ ჯობია გადაიტანო კარანტინზე. კარანტინზე შენ გაქვს ეკონომიკური უკუგება, გაჩერებულ სასტუმროში შეგყავს ადამიანი და იმ სასტუმროს მეპატრონეს შემოსავალი აქვს. ამას ჩვენ დავხარჯავთ პოლიციის ეკიპაჟებზე თუ სასტუმროებზე – არჩევანია გასაკეთებელი“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არ არის ონკანი, სადა ზუსტად გაზომავ რამდენ წყალს მოუშვებ, თუმცა გარკვეულ რიცხვებზე დაკვირვებით შეიძლება გავრცელების მართვა და პარალელურად მომზადებაზე ზრუნვა.

„მე ვამბობ იმას, რომ საქართველოში იმაზე მეტი საავადმყოფოა, რაც საქართველოს სჭირდება. ამ საავადმყოფოების საწოლი ფონდები მნიშვნელოვნად აღემატება იმას, რაც გვჭირდება. და წლის განმავლობაში ამ საწოლების 53%-ია დატვირთული. ჩვენ ბუნებაში გვაქვს მეტი სიმძლავრეები და მგონია, რომ ამ სისტემას უნდა ჰქონდეს მეტის გატარების უნარი“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.

მისი თქმით, მსოფლიოში ვირუსის შესახებ საგულისხმო ინფორმაცია დაგროვდა.

„პირველი აღმოჩნდა, რომ ამის გარდაცვალების მაჩვენებელი არ არის ისეთი, როგორიც პირველ დღეებში გვეგონა. დღეს უკვე ძალიან დიდი მასივია დაგროვილი სტატისტიკის, რომელიც ამბობს, რომ მას გარდაცვალების თითქმის მსგავსი მაჩვენებელი აქვს, როგორიც აქვს სეზონურ გრიპს. ეს საქართველოს სტატისტიკა არაა, ეს არის მსოფლიო სტატისტიკა.

იმაზე მეტად იქნა საფრთხე შეფასებული, ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა და არ ვამბობ, რომ მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა გიორგი გოცაძემ.