მსუბუქი სიმპტომების დროს, კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობას სახლში გაივლიან – ტიკარაძე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თუკი კორონავირუსით ინფიცირებულებს მსუბუქი სიმპტომები ექნებათ და მდგომარეობა არ გართულდება, მკურნალობას სახლში ჩაუტარებენ.

„ჩინელმა ექიმებმა მოგვაწოდეს სტატისტიკა, რომ კოვიდის ძირითადი შემთხვევები მიმდინარეობს უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომით და ეს წარმოადგენს დაავადებულთა 80%-ს. სწორედ ამ ფაქტორზე დაყრდნობით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის პაციენტები, ვისაც აქვთ მსუბუქი მიმდინარეობა ოჯახის ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას გაივლიან სახლში“, – თქვა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტებს პირველი კომუნიკაცია სატელეფონო ზარით შეეძლებათ. მოქალაქეებს კორონავირუსით ინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაში, შეუძლიათ, დარეკონ 112-ზე, საიდანაც გადაამისამართებენ ოჯახის ექიმთან და მიიღებენ სატელეფონო კონსულტაციას.

„ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ 112-ზე მივიღოთ მოქალაქეების ზარები და დავგეგმოთ მათთან შემდგომი ტაქტიკა. ეს გულისხმობს შემდეგს: თუ ადამიანს უფიქსირდება მსუბუქი სიმპტომი, ექიმი აძლევს რეკომენდაციას, რომ დაყოვნდეს სახლში და ანამნეზით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე.

ეს არის ის ძირითადი სქემა, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. რა თქმა უნდა, მდგომარეობის გართულების შემთხვევაში, პაციენტს შესაბამისი აპარატურის გამოყენებით გადაიყვანენ სტაციონარში“, – თქვა ტიკარაძემ.