მუნიციპალიტეტებში შშმ პირთა საჭიროებებზე გაწეული ხარჯი მინიმალურია - კვლევა

პუბლიკა

შერჩეული 5 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებისა და პროგრამების შესწავლამ აჩვენა, რომ შშმ პირთა საჭიროებებზე გაწეული ხარჯი მინიმალურია და მიუხედავად შესაბამისი რესურსის აბსოლუტურ ოდენობებში განსხვავებებისა, საერთო დანახრჯებში მისი წილი მუნიციპალიტეტების მიხედვით მცირედ გასხვავდება და ძირითადად 0,5 დან 1,5% ფარგლებშია, – „ღია საზოგადოების ფონდი” კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევა საქართველოს 5 რეგიონში ჩატარდა: თელავი, გურჯაანი, ოზურგეთი, ხელვაჩაური და ბათუმი. კვლევაში გაანალიზებულია, როგორია მუნიციპალიტეტების მიერ ბიუჯეტის დაგეგმვა და განაწილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე.

 

კვლევაში აღნიშნულია, რომ გაწეული ხარჯი ძირითადად სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტებით დახმარების ან მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯის (მაგ. სამკურნალო მიზნით ტრანსპორტირების) დაფინანსებას ითვალისწინებს. ერთეული გამონაკლისის გარდა პრაქტიკულად არ არსებობს შეზღუდულ შესაძლებლობებთან დაკავშირებული სხვა უფლებების- შშმ პირთათვის გარემოს ადაპტირების, ინფორმაციის და მომსახურების ადაპტირებული ფორმით მიწოდების, დამოუკიდებელი ცხოვრების, დასაქმების, ინკლუზიური განათლების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსების მაგალითები.

„ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს, რომ მიუხედავად შშმ პირთა უფლებების გაეროს კონვენციის ამოქმედებისა, რომლის ერთერთი ძირითადი პრინციპია შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მიდგომების სოციალურით ჩანაცვლება _ ქვეყანაში კვლავ დომინირებს შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მიდგომები. საყურადღებოა, რომ შშმ პირთა მიმართ სამედიცინო მიდგომები მყარად არის დამკვიდრებული პასუხისმგებელი ადმინისტრაციული სტრუქტურების, სოციალური და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა აბსოლუტურ უმრავლესობაში. ე.წ. სოციალური მოდელი ხშირად გაგებულია, როგორც მხოლოდ შშმ პირისთვის სტატუსის მინიჭების სისტემის ცვლილება და ამ პროცესში პირის ფსიქო-სოციალური შეფასების შემოტანა, რაც რა თქმა უნდა ერთერთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი ელემენტია, თუმცა სოციალური მოდელის მთავარი მიზანი არის შშმ პირთა მიმართ დამოკიდებულებების, მიდგომების, რეგულაციების ცვლილება, რაც უნდა აისახებოდეს შესაბამის სერვისებზე და ყოველდღიურობაზე. ამიტომ, გაღებული ძალისხმევა და რესურსებიც უნდა იყოს ორიენტირებული ამ მიზანზე”, – ვკუთხულობთ კვლევაში.

კვლევის ავტორების თქმით, მწირი რესურსების არაეფექტურ გადანაწილებაში გარკვეულ როლს თამაშობს ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოებს შორის კოორდინაციის ნაკლებობაც. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს ადგილობრივი ხელისფლების მიერ ისეთი ღონისძიებების დაფინანსებას, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით. განსაკუთრებით ეს ეხება დამხმარე საშუალებებს და სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებებს, რაც იწვევს გადაფარვებს და/ან გამოყოფილი თანხების აუთვისებლობას. ადგილობრივ დონეზე არ ხდება ცენტრალურ დონეზე მოქმედი მომსახურებებისაგან განსხვავებული მომსახურებების დაფინანსება. ამის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ მომსახურების ინიციატორი მიმწოდებლებისთვის უფრო იოლია სერვისის საჭიროების აღიარება და დაფინანსება მოიპოვონ ცენტრიდან, იქ არსებული მეტი კომპეტენციისა და ფინანსური შესაძლებლობების გამო. მუნიციპალიტეტების დონეზე კი ახალი მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების მზადყოფნა და გამბედაობა არ არსებობს. ამასთან, თვითმართველ ორგანოებში ზოგადად სუსტია ადმინისტრაციულ-მენეჯერული სისტემა, რაც იწვევს ხარვეზებს მართვის კუთხით. არცერთ შესწავლილ მუნიციპალიტეტში არ ხდება მათ ტერიტორიაზე მცხოვრები შშმ პირთა და მათი საჭიროებების შესახებ საბაზისო მონაცემების წარმოება და ანალიზი.

კვლევაში ნათქვამია, რომ  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წელს საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, იმ პირთა რაოდენობა, რომელიც თავის თავს მიიჩნევს ამა თუ იმ შეზღუდვის მქონედ, მნიშვნელოვნად აღემატება შშმ სტატუსის მქონე პირთა რაოდენობას, რაც უფრო ახლოსაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზოგადსაერთაშორისო სტატისტიკასთან შეზღუდული შესაძლებლობის გავრცელების თაობაზე.

„აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შესაძლებლობის შეზღუდვის განსაზღვრების არსებული სისტემის გადახედვისა და უფრო რეალურ მონაცემთა წარმოების საჭიროებას”, – ვკითხულობთ „ღია საზოადოების ფონდის” კვლევაში.

მათივე თქმით, თვითმმართველობების მიერ შშმ პირთა საკითხების მიმართ დაბალ მგრძნობელობას მნიშვნელოვნად განაპირობებს შშმ და მხარდამჭერი თემის სისუსტე და არაორგანიზებულობა. შშმ თემის წარმომადგენლობა თვითმართველობის ორგანოებში დაბალია. შესაბამისად, მათ აქვთ უმნიშვნელო პოლიტიკური წონა ვიდრე სხვა ინტერესთა ჯგუფებს და ნაკლები წვდომა, გავლენა და კონტროლი პრიორიტეტების განსაზღვრასა და ბიუჯეტის რესურსების განაწილებაზე. ფორმალური გავლენის ინსტიტუტი- შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და მათი არსებობა მეტწილად ფიქტიურია. როგორც ჩანს, თვითმმართველობები არ არიან დაინტერესებული საბჭოების გაძლიერებით, რადგან ეს გაზრდის კონკურენციას ბიუჯეტის რესურსებისთვის და შესაბამისად წნეხს ამ რესურსების განაწილებაზე პასუხისმგებელ პირებზე და სამსახურებზე.

რეკომენდაციები:

კვლევის შედეგად, ორგანიზაციას აქვს შემდეგი რეკომენდაციები:

1. სრულყოფილი მონაცემთა ბაზა თითოეულ მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ
პირთა შესახებ;

2. შშმ პირთა გამოვლენილი საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, ბიუჯეტში შშმ პირთა საჭიროებების დაფინანსების პროგრესული ზრდა;

მუნიციპალიტეტის მწირი საბიუჯეტო შესაძლებლობების პირობებშიც კი მცირეა შშმ პირებზე გამოყოფილი მუნიციპალური რესურსები, ამიტომ, საჭიროა ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მობილიზება და განაწილება რეალური საჭიროებების მიხედვით, შშმპ საბჭოს რეკომენდაციებისა და გაეროს შშმპ კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით. პირველ ეტაპზე საჭიროებების გამოვლენა. თუნდაც საწყის ეტაპზე შესაძლებელია განხორციელდეს არსებული პროგრამებით მოსარგებლე შშმ პირთა გამოკითხვა/ანკეტირების გზით გაწეული/სასურველი მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით. საშუალოვადიან პერიოდში კი ერთჯერადი ფინანსური დახმარებების ჩანაცვლება გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებულ პროგრამებზე, რომლებიც ითვალისწინებენ შშმ პირთა სოციალურ აქტიურობის ზრდას და ინკლუზიას;

3. სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;

შედარებით მასშტაბური და კომპლექსური პროგრესის უზრუნველსაყოფად საჭიროა თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით შემუშავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების და მათი რეალიზაციის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გაწერილი იქნება დეტალური სამოქმედო გეგმა, როგორც მოკლევანი, ასევე ხანგრძლივი პერიოდისათვის. სამოქმედო გეგმაში დეტალურად უნდა გაიწეროს განსახორციელებელი ღონისძიებები შესაბამისი ვადები, პასუხისმგებელი პირები, საჭირო რესურსები და შესრულების ინდიკატორები;

4. მუნიციპალური სოციალური სამსახურის შესაძლებლობებისა და ადამიანური რესურსების გაძლიერება;

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ადგილობრივი სოციალური სამსახურის როლი და ფუნქციები, ხოლო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა შშმ პირთა საკითხებზე, გაეროს კონვენციის მიერ დამკვიდრებულ თანამედროვე მიდგომებსა და პრინციპებზე, მათ შორის ფლობდეს კონვენციის შესაბამისი ბიუჯეტირებისა და პროგრამირების საბაზისო უნარებს. ასევე, ნიშვნელოვანია, რომ სოციალურ სამსახურს გააჩნდეს გაძლიერებული, გამიჯნული და მკაფიოდ განსაზღვრული ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომლის აღსრუ­ლება იქნება უზრუნველყოფილი სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსებით. მათ, შორის გათვალისწინებული იქნება სოციალური მუშაკის ინსტიტუტის დანერგვა, რაც „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულებაცაა. მუნიციპალური სოციალური სამსახური დღეს არსებული პასიური მომსახურებიდან უნდა გადავიდეს აქტიურ მომსახურეობაზე, როცა სამსახური თვითონ ეძებს მის სამიზნე კატეგორიას და არ ელოდება, როდის მოაკითხავს საჭიროების მქონე პირი მათ;

5. პროგრამების მონიტორინგის უზრუნველყოფა;

მიმდინარე ეტაპზე პროგრამის შეფასება ხორციელდება ფინანსური დოკუმენტებისა და რაოდენობრივი მაჩვენებლების მხრივ. სამწუხაროდ არავინ სწავლობს, თუ რა ზეგავლენა მოახდინა პროგრამის განხორციელებამ კონკრეტული ბენეფიციარის მდგომარეობაზე და როგორ უზრუნველყოფს პროგრამის აქტივობა შშმ პირთა კონრეტული საჭიროების დაკმაყოფილებას. პროგრამებისა და ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია მონიტორინგის ერთეულის (ფუნქციის) არსებობა, რომელიც შეაფასებს ხარისხს და მიღწეულ შედეგს;

6. შშმ საკითხებზე მომუშავე საბჭოების გავლენისა და როლის გაზრდა;

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, შშმ პირთა ჩართულობის და გავლენის გაძლიერებისთვის, აუცილებელია, რომ უზრუნველყოფილი იყოს საბჭოების რეგულარული და შედეგიანი ფუნქციონირება, რისთვისაც საჭიროა როგორც მათი ფუნქციური გაძლიერება, ასევე მასში შშმ პირების წარმომადგენელთა გაძლიერება და რაც მთავარია, თვითმართველობების მიერ საბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინების პრაქტიკის დამკვიდრება მის მუშაობაში ავტორიტეტული და დაინტერესებული წარმომადგენლების ჩართვით. მნიშვნელოვანია, რომ ხდებოდეს ხელისუფლების მიერ საბჭოს მიერ წარდგენილი რეკომენდაციების გათვალისწინება. ამისათვის აუცილებელია მინიმუმ საბჭოს წევრების თანაფარდობის დაცვა მუნიციპალიტეტში სამსახურების წარმომამდგენლებსა და თემის წარმომადგენლებს შორის, ამასთანავე თანათავმჯდომარედ თემის წარმოამდგენლის დანიშვნა. ბიუჯეტირების პროცესში გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საწყის ეტაპზე სიმბოლურად მცირე თანხის გამოყოფა, რომლის განკარგვაზეც გადაწყვეტილებას მიიღებს შშმ პირთა საბჭო.

7. ცენტრალურ ხელისუფლებასთან (სამინისტროსთან) კოორდინაცია;

მუნიციპალურ სოციალურ სამსახურსა და შესაბამის ცენტრალურ ორგანოებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა პროგრამებისა და პრიორიტეტების შესახებ, ამიტომ მაღალია შეუთანხმებელი და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების მიღების რისკი. ასევე არ არის გამორიცხული რიგ შემთხვევებში ორმაგი დაფინანსების გამოყოფის შესაძლებლობა. ამიტომ, საჭიროა რომ პროგრამებისა და ბიუჯეტის დამტკიცებამდე მოხდეს ინფორმაციის გაცვლა შესაბამის უწყებებს შორის.

გაეცანით კვლევას სრულად ბმულზე;