მყარი კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას - დეკანოიძე ჯაფარიძის მხარდაჭერაზე

პუბლიკა

ვინ დაუჭერს მხარს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავის შუალედურ არჩევნებში? – ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ერთიანობა მნიშვნელოვანია, თუმცა დაუჭერენ თუ არა მხარს კონკრეტულად ბადრი ჯაფარიძეს, კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას შეთანხმებული კანდიდატი ჰყავდეს.

„ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰყავდეს შეთანხმებული, ერთიანი კანდიდატი. დღეს შევხვდებით ბატონ ბადრისაც და იმ ადამიანებს, ვინც ჩართული იქნება კამპანიაში. მყარი კონსულტაციების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა დეკანოიძემ.

რუსთავში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება „ევროპულ საქართველოს“, რადგან, ლაშა დამენიას განცხადებით, პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. დაუჭერენ თუ არა მხარს რომელიმე კანდიდატს, ამას რამდენიმე დღეში პოლიტსაბჭო გადაწყვეტს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პარტიაში ჯაფარიძის მხარდაჭერაზე ჯერ არ უმსჯელიათ, თუმცა ის ფიქრობს, რომ საკითხს წინააღმდეგობა არ ექნება.

რუსთავში კანდიდატს არ აყენებს გახარიას გუნდი. ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარტია ამ ეტაპზე არც ბადრი ჯაფარიძისთვის მხარის დაჭერას აპირებს.

„ამ ეტაპზე მხარდაჭერას არ ვაპირებთ, თუმცა არჩევნებამდე დიდი დროა დარჩენილი, შესაბამისად, ვნახოთ“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

„ჩვენი პირველი არჩევანია „გირჩი“, ამის იქით ჩვენი საქმე არ არის, ვინმეს მოვუწოდოთ, ვინ შემოხაზოს“, – ასეთია იაგო ხვიჩიას პოზიცია.

„გირჩის“ თავმჯდომარის განცხადებით, ძალიან სამართლიანი იქნება ბადრი ჯაფარიძის პარლამენტში დაბრუნება, რადგან ის უსამართლოდ გაუშვეს პარლამენტიდან.

„ლეიბორისტების“ წარმომადგენელი გიორგი გუგავა ჯაფარიძის წარდგენას პოლიტიკურად არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს და სახალხო გამოსვლების აუცილებლობაზე საუბრობს.

მმართველი პარტია ფიქრობს, რომ რუსთავში ბადრი ჯაფარიძის გამარჯვების „შანსი არის ნულოვანი“.

დიმიტრი ხუნდაძის პოზიციით, „ქართულ ოცნებას“ შერჩეული ჰყავს კანდიდატი, რომელიც კარგად იცნობს რუსთავის ადგილობრივ პრობლემებს.