მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ შემოთავაზებები, რომ ვიღაცას ქოლგა აქვს, ზედმეტია - ხაზარაძე

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის თქმით, ის და მისი პარტია ყოველთვის მონაწილეობდა და მონაწილეობს ოპოზიციურ პარტიებს შორის გამართულ დიალოგში. ხაზარაძის თქმით, ის სხვა პარტიებთან ერთად განიხილავს თანამშრომლობას, მაგრამ შეთავაზება, რომ ვინმეს ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ, ზედმეტია.

„ჩვენ ვაშენებთ ჩვენს პარტიას, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და თქვენ იცით, რომ როცა იყო სამართლიანი მოთხოვნა გაყალბებული არჩევნების, სამართლიანი სასამართლოსი, როცა იყო კოალიციის შექმნა თბილისში, ჩვენ ვიყავით ამის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორები.

ქუჩაშიც ვიდექით, ამაზე ბევრი საყვედური მივიღეთ, რატომ დგახართ იქა და რატომ დგახართ აქა… სხვანაირად არ გამოვა, დიალოგის გარეშე და მომავალზე ფიქრის გარეშე და მომავალზე ნაბიჯების გადადგმის გარეშე, არაფერი არ გამოგვივა, არაფერი!

ამიტომ, პირდაპირ ვამბობ, მზად ვართ ნებისმიერი დიალოგისთვის, მაგრამ ახლა რომ არის შემოთავაზებები, ვიღაცას ქოლგა აქვს და ვიღაცას ის ფერი ქოლგა აქვს, ამაზე საუბარი ზედმეტია.

ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ საკითხს, რომელიც იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ დავდგებით იქ. მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მკაფიო დამოუკიდებელ ზრდას, შენებას ჩვენი პარტიის. იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული, კონკრეტული გეგმა, რომლის შესახებაც არავის მოვუწვევივართ ტელევიზიაში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


პოლიტიკოს გიგი უგულავას ხედვით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია უნდა გახდეს „ქოლგა პარტია“, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებს გააერთიანებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელიც მემკვიდრეა ეროვნული მოძრაობის ხაზისა, ასე ვთქვათ, რომელიც დღევანდელობაში ებრძვის საბჭოთა გადმონაშთს – „ქართულ ოცნებას“. ის არის დიდი პარტია და „ქოლგა პარტია“ არის ტერმინი, რომელიც, ამერიკაში გამოიყენება, მაგალითად, არსებობს „ქოლგა პარტია“, სადაც არსებობს რამდენიმე ფრაქცია, რომელიც ერთმანეთთან  საჯარო და ღია კონკურენციაშია.

ეს რეფორმა ენმ-ს კიდევ უფრო მეტ ამომრჩეველს და პოლიტიკურად აქტიურ მეტ ადამიანს მოუყვანს“, – განაცხადა გიგი უგულავამ „TV პირველთან“.

თავისი ხედვის შესახებ გიგი უგულავამ უფრო ვრცლად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ისაუბრა.

უგულავას შეფასებით, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ორპოლუსიანობა არა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ დანარჩენი პარტიების პრობლემაა.