ნამახვანჰესი გვჭირდება, მაგრამ ადგილობრივების მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა ეს საქმე - გახარია

პუბლიკა

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგეტიკას ნამახვანი სჭირდება, ადგილობრივი ადამიანების, რიონის ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე, არ გამოვა ეს საქმე”, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნამახვანჰესის შესახებ მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები პირადად უნდა ესაუბრონ მოსახლეობას.

„რა თქმა უნდა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ენერგოსისტემის საფუძველი არის ჰიდროენერგია. რა თქმა უნდა, ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები უნდა ავაშენოთ, მაგრამ იმ გზით და იმ ფორმით როგორც ახლა ეს ხდება ნამახვანში … სამწუხაროდ, მე მგონია, რომ აქ მთავრობა და ხელისუფლება შეცდომას უშვებს. არ გამოვა ეს, ვერ აშენდება ასე ეს ჰესი.

მე მაქვს გამოცდილება მსგავს წინააღმდეგობებთან მუშაობის და თუ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები – იმიტომ, რომ ეს სიტუაცია ასე გამწვავდა, პირადად არ ჩაერთვებიან ამაში და ამ ადამიანებს პირადად არ დაელაპარაკებიან, არ გამოვა ეს საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგეტიკას ნამახვანი სჭირდება, ადგილობრივი ადამიანების, რიონის ხეობის დამცველების მხარდაჭერის გარეშე არ გამოვა ეს საქმე. საბოლოო ჯამში, ეს ჰესი და ეს ელექტრონერგია ამ ხალხისთვის გვინდა. შეუძლებელი იქნება”, – განაცხადა მან.


მას ასევე ჰკითხეს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზეც.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: 20 ივნისის თემაზე ამბობდით, რომ შტურმი იყო სახელმწიფოზე, პოლიციაზე. ხომ არ გახსენდებათ ასევე პანკისში რა მოხდა, ასევე ჰესების აშენების მოწინააღმდეგეების მხრიდან, არცერთი ადამიანი, ვინც მაშინ პოლიციასთან დაპირისპირებაში შევიდა, პასუხისგებაში არ მიგიციათ. მითხარით მაშინ, სად არის ლოგიკა?

გახარია პასუხობს: „მარტივია, პოლიტიკა ხომ კომპრომისია. თქვენ რა გინდათ ახლა, ტრაქტორზე შტურმი და პარლამენტზე შტურმი გინდათ შემიდაროთ? ახლა მე გეტყვით, მე პოლიციელებს რა გავუკეთე პანკისის [სპეცოპერაციის] შემდგომ. ჩადით პანკისში და ნახეთ, პანკისის ხეობას და ახმეტის მუნიციპალიტეტს არასოდეს არ ღირსებია ის პოლიციის შენობა, რომელიც დღეს იქ დგას და აღჭურვილობა მთლიანად ხეობის, რომელიც გაკეთებულია და მერე გავაგრძელოთ მაგაზე ლაპარაკი. იმიტომ, რომ ჩემთვის ყოველთვის ის კი არ იყო [შედეგი] ეფექტები, განათებები, ფეიერვერკები, ჩემთვის მთავარი იყო საბოლოო შედეგი.

საბოლოო შედეგი არის ის, რომ პანკისის ხეობის უკიდურეს სოფელში დღეს არის შესანიშნავი ინფრასტრუქტურა პოლიციის გასაძლიერებლად… დღეს იქ უსაფრთხოების და პოლიციელების ჯანმრთელობის, ინტერესების დაცვის იმხელა ინფრასტრუქტურაა გაკეთებული, რომელიც ამ ხეობის სიმშვიდის…”, – განაცხადა გახარიამ.