„...ნამახვანჰესზე გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და რაც მთავარია, ერთობა“ - პრეზიდენტი

პუბლიკა

დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ქვეყნის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება, ტრადიციულად, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანას სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად ჰქონდეს კონკრეტული ხედვა. მან ამ კონტექსტში ნამახვანჰესის საკითხიც ახსენა.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციის, სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის თუ საზოგადოების წინ მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა ნამახვანჰესის საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა, და რაც მთავარია ერთობა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა თავისუფლების მოედანზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვით დაიწყო, რომელიც ეროვნული გვარდიის სარიტუალო ასეულის სამხედრო მოსამასახურეებმა შემოიტანეს.

საქართველოს ჰიმნი ნატო მეტონიძემ ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდთან ერთად შეასრულა. ამის შემდეგ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას.

წლევანდელ 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებში ახლად გაწევრებული სამხედროები სიახლით შეხვდებიან – პირველად ფიცის დადების შემდეგ ისინი ერთხმად წარმოთქვამენ ჯარისკაცის მრწამსს. ღონისძიების დასასრულ ანსამბლების „რუსთავისა“ და „ბასიანის“ მიერ „ჩაკრულოს“ შესრულების ფონზე თავისუფლების მოედანზე თავდაცვის ძალების კუთვნილი ახლადმოდერნიზებული სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ და საქართველოს დროშის ფერებში ბოლის გაშვებით მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადაიფრენენ ასევე, ქუთაისისა და ბათუმის ცაზე და მოსახლეობას ეროვნულ დღესასწაულს აქაც საქართველოს დროშის – წითელ და თეთრ ფერებში ბოლის გაშვებით მიულოცავენ.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილია სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანმანქანები – „დიდგორი მეომარი“, „დიდგორი მედევაკი“ „დიდგორი 3“.

აქვე გამოფენილია ქართულ შეიარაღებაში არსებული უცხოეთში წარმოებული სამხედრო ჯავშანტრანსპორტიორები – „ჰამერი“, MaxPro, „ვულფი“ და საარტილერიო დანადგარები – „დანა“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა „ლარ–160“, ჰაერსაწინააღმდეგო მანქანა „ატლასი“, ჯავშანმანქანები.