ნარკოდანაშაულის ბრალდებით 112 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის საქმეზე 112 პირი დააკავეს, მათ შორის 66 – ნარკორეალიზაციის ბრალდებით.

უწყების თქმით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, იორდანიის, ეგვიპტის და ერიტრეას მოქალაქეები.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები.

ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, სამი პისტოლეტი, ორი სანადირო თოფი, ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე პრიმა, 18-273 პრიმა, 19-273 პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

უწყების სტატისტიკით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 282 ნარკორეალიზატორია დაკავებული.

პოლიციამ ჯამში მთელი წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 84 კილოგრამი „ჰეროინი“, 20 კილოგრამი „ალფა პვპ“, 9 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 2,5 კილოგრამი „კოკაინი“, 4 კილოგრამი „მეფედრონი“, 2.5 კილოგრამი „მდმა“, ასევე, 304 კილოგრამი მარიხუანა, 4 ტონამდე „კანაფი“, 13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები და 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.