ნატა ფერაძე გარემოს დანაგვიანების მუხლით დააჯარიმეს

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებმაც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს ფურცლები გადააყარეს წარწერით – „რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში?“, ამჯერად იგივე ფურცლები პრეზიდენტის სასახლის ეზოშიც შეყარეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა, რომლებმაც ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დააჯარიმეს, რაც 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებას გულისხმობს. აღნიშნული სამართალდარღვევა 80 ლარით ჯარიმდება.


დღეს სამოქალაქო აქტივისტები პლენარულ სხდომათა დარბაზშიც შევიდნენ და დეპუტატებს წვრილად დაჭრილი ფურცლები იარუსიდან გადააყარეს.

„ამით პარლამენტის წევრებს მოვუწოდეთ, რომ იმოქმედონ“, – ამბობს ჯუღელი „პუბლიკასთან” საუბრისას.

5 ივნისს სასამართლომ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ. 

საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია სისხლის სამართლის ოთხი საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.