ნათელაშვილის თქმით, საზოგადოების 80% ყველა უბედურების სათავეა და მათგან არაფერი გამოვა

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გადაცემა „რეაქციის“ ეთერში საზოგადოების 80% ყველა უბედურების სათავედ მოიხსენია და აღნიშნა, რომ მათგან არაფერი გამოვა.

„აი იმ საზოგადოების 80%-ს მივმართავ, რომელიც წარმოადგენს ყველა უბედურების სათავეს, რომელსაც შეუძლია, სინდისი გაყიდოს, ჭორი მოიგონოს, ცილი დაგწამოს… დამშვიდდით ახლა, ხელფასს არ ვიღებ, ეკონომიკა გაივსო, ქვეყანა ფეხზე დადგა, რომ მე ხელფასს არ ვიღებ, სამაგიეროდ მდინარაძეები, პაპუაშვულები, თალაკვაძეები, კუჭავები და სხვები ბედნიერები არიან თქვენი ყაჩაღობით.  თქვენც ბედნიერები ხართ და კმაყოფილები, ყველა არჩევნებზე მიხვალთ, გაიყიდებით, თანამდებობების, ფულის, პრივილეგიების გამო სულს გაყიდით და მერე დააბრალდებთ პოლიტიკოსებსა და ოპიზიციას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ამომრჩეველზე გაბრაზებულია, რადგან მათ მთელი ცხოვრება შესწირა, ამომრჩეველმა კი „ეს ფურთხით დააფასა“.

„ვამადლი თუნდაც, რადგან არ მქონდა არაფერი ამათი სახვეწარი. არც ამათი ხმა მინდოდა, არაფერი. მე თანამდებობაც, მილიარდებიც, გავლენაც მექნებოდა. მე ისეთ წრეებში ვტრიალებდი, ბრეჟნევის შვილი იყო ჩემთან, ანდროპოვის შვილი მეგობრობდა ჩემთან, გრიშინის შვილი მეგობრობდა, რად მინდოდა ამათი ტილიანი ხმები? გადავყევი, 30 წელი შევწირე ამათ და კიდევ ამდენი პრეტენზია, ამდენი ცილისწამება და ამდენი ტალახი. ამიტომ როცა საზოგადოება ასეა მოწამლული, 80% მინიმუმ, ის 20%-ია მოსაფერებელი, ღირსეული და ერის ბურჯი და იმათ გამო ვარ პოლიტიკაში, იმათ გამო გავაგრძელებ ყოფნას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში მინიმუმ 20%-ია ღირსეული, დანარჩენებისგან კი „არაფერი გამოვა და მათი ახლიდან გაკეთებაც კი არ შეიძლება“. ნათელაშვილმა ასევე აღნიშნა, უნდა გავიდეს დრო, რათა ისინი შამოშორდნენ საზოგადოებას.