NATO-ს სამიტზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ - ზალკალიანი

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, NATO-ს სამიტზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს საკითხსაც შეეხებიან.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს საკითხი უკრაინასთან ერთად ასახულია სამიტის დღის წესრიგის მეხუთე თავში (სახელწოდებით – Support rules-based international order).

დავით ზალკალიანის თქმით, სამიტზე ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც დაკავშირებულია ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციასთან.

„საქართველოს თემატიკა ნატოს პრიორიტეტულ დღის წესრიგში ყველა მიმართულებით განიხილება, სწორედ იმ ღირებულებებთან და ფასეულობებთან შესაბამისობაში, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი საერთაშორისო დღის წესრიგი. ყურადღება გამახვილდება იმ პრობლემებზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან.

დარწმუნებული ვარ, რომ დეკლარაციაში ასახული იქნება შესაბამისი შეფასება, ასევე იქნება მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მან მტკიცედ დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და ის აღებული საერთაშორისო ვალდებულენები, რაც არის დაკავშირებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.