NATO-ს წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

პუბლიკა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ეწვია.

როგორც ცნობილია, აპატურაის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გაგრძელდება. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ის უკვე შეხვდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დაგეგმილია მისი აუდიენცია პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრეზიდენტთან.

როგორც ჯეიმს აპატურაი „მთავარ არხთან“ ამბობს, საქართველოში ორი მიზეზის გამო ჩამოვიდა – ეს მისი ბოლო ვიზიტია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის რანგში, მეორე მიზეზად კი NATO-ს სამიტზე განხილულ თანამშრომლობის გეგმებს ასახელებს. აპატურაის თქმით, მისი მიზანია, საქართველოს მისცეს ბიძგი, სანამ თანამდებობას დატოვებს.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პატივს ვცემთ იმ როლს, რაც ევროკავშირმა საქართველოში ითამაშა. მიხარია, რომ რეფორმების დიდი ნაწილი გაითვალისწინეს, თუმცა ვიცი, რომ არსებობს სირთულეები. მოსმენილი მაქვს აშშ-ის ელჩის განცხადება სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით. მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული პუნქტების განხორციელება მიმდინარეობს, თუმცა ბოლომდე ვერ ხერხდება. საბოლოოდ მგონია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის“, – ამბობს აპატურაი „მთავარ არხთან“ [„მთავარი არხის“ თარგმანი].