NGO-ები, მთავრობა, ოპოზიცია | ფილიპ რიკერის ვიზიტი საქართველოში გრძელდება

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ რიკერს შეხვდა.

მათი დახურული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველა ძირითად საკითხს. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით.

შეხვედრაზე ისაუბრეს პოსტკოვიდურ პერიოდში, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა, თეთრი სახლის მიერ შემუშავებულi ვაქცინების გაზიარების გეგმაში საქართველოსთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ახალი გეოპოლიტიკური გარემო. ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ რა ფუნქცია შეიძლება შეასრულოს საქართველომ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს.

ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ადმინისტრაციის ცნობით. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა მაღალი შეფასება მისცა იმ პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

ხაზი გაესვა იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს მოწინავე პოზიციებზე აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის დღის წესრიგში. აღინიშნა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრაზე, რომელიც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი, მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხაზგასმა და მხარდაჭერა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს. მაღალი შეფასება მიეცა 19 აპრილის შეთანხმებას.

ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მისასალმებელია მრავალპარტიული პარლამენტის აღდგენა. არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით გაესვა ხაზი მთლიანი პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციისა და 19 აპრილის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას ყველა მონაწილე მხარის მიერ.

დღეს ფილიპ რიკერი არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდა. დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციასთან.

არასამთავრობოების ცნობით, რიკერი კარგად ფლობს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

მათ აქვთ მოლოდინი რომ მომავალ არჩევნებს მეტი დამკვირვებელი ეყოლება. მათივე ცნობით, რიკერი ინფორმირებულია სასამართლო სისტემაში არსებულ, ე.წ. კლანზე და არაფორმალურ გავლენებზე. NGO-ების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიდი დრო დაეთმო დემოკრატიის გამოწვევებზე საუბარს.