„ნიძლავი მაქვს დადებული სახინკლეზე, რომ ნათელაშვილი და ჩარკვიანი პარლამენტში შევლენ“ - ხვიჩია

პუბლიკა

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მალე პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

იაგო ხვიჩია დარწმუნებულია, რომ 150-ვე დეპუტატს იხილავს საზოგადეობა პარლამენტში. როგორც მან განაცხადა, მეგობართან ნიძლავი აქვს დადებული, რომ პარლამენტში თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილიც შევა.

„სხვათაშორის, მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ამას ვამბობ მე. სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე.

მე ზოგადად მგონია, რომ ყველა შევა. ეს ხალხი, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა. შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ. ჩვენზე წინ დაჯდებიან პარლამენტში. მალე, მალე მოხდება. ორ კვირაში ესენი პარლამენტში იჯდებიან

.. არა მხოლოდ ვფიქრობ, არამედ ქმედებითაც დავადასტურე – ნიძლავი დავდე მეგობართან.“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


19 აპრილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკურმა მხარეებმა ევროკავშირის დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.

მას ესწრებოდნენ პროცესის მედიატორები – ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, ასევე პირდაპირი ეთერის საშუალებით ერთვებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს:

  • „ქართულმა ოცნებამ“ (არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა)
  • „ლელომ“ (ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ)
  • „სტრატეგია აღმაშენებელმა“(გიორგი ვაშაძემ)
  • „გირჩმა“ (ვახო მეგრელიშვილმა)
  • „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ (ზურა ჯაფარიძემ)
  • სალომე სამადაშვილმა
  • დავით ბაქრაძემ
  • „რესპუბლიკურმა პარტიამ“(ხათუნა სამნიძემ)
  • „მოქალაქეებმა“ (ალეკო ელისაშვილმა)

ხელმოწერის ცერემონიას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაცონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბლოკის წევრი თაკო ჩარკვიანი.