ნიკა მელია რომ გამოვა, აუცილებლად უნდა დაიკავოს ადგილი პარლამენტში - კუჭავა

პუბლიკა

ნიკა მელიას როცა გამოვა პატიმრობიდან, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

„ევროკავშირის მიერ ნიკა მელიას გირაოს გადახდა, პირველ რიგში, მიუთითებს იმ ფაქტს, თუ რამდენად დიდია ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ პოლარიზებამ და დაძაბულობამ დაიკლოს და ყველამ გადაინაცვლოს პარლამენტში სამუშაოდ და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელიც მათ მანდატებს ეკადრება, რომელიც მათ მიანიჭეს მოსახლეობამ.

ამიტომ ევროკავშირის სურვილი, შარლ მიშელის დოკუმენტი, ამ პუნქტების შესრულება არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი ყველა პოლიტიკოსისთვის და მათ შორის ნიკა მელიასთვის, რომელიც, როცა გამოვა პატიმრობიდან, აუცილებლად უნდა დაიკავოს პარლამენტში ადგილი ჩემი აზრით და გააგრძელოს ის საქმიანობა, რომელსაც ელოდებიან ევროპელები მათგან”, – განაცხადა კუჭავამ.


ევროკავშირმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 8 მაისს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობამ გაავრცელა.