#ნინისგამო | „ქალთა მოძრაობა“ 100-დღიან კამპანიას აანონსებს

პუბლიკა

„სახელმწიფოს გულგრილობა ძალადობის მსხვერპლებს კლავს“ – ქალთა მოძრაობის წევრებმა პროკურატურასთან პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც 100-დღიანი კამპანიის დაწყებაზე ისაუბრეს და მოთხოვნები გააჟღერეს.

#ნინისგამო  – ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ქალთა მოძრაობის წევრები, აქტივისტები, მოქალაქეები სხვადასხვა ღონისძიების გამართვას გეგმავენ.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობის საზარელი ამბავი კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი დაუცველია ჩვენს ქვეყანაში სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი.

საპოლიციო და სოციალური ინსტიტუტების დანაშაულებრივი გულგრილობისა და არაეფექტიანი მუშაობის პირობებში, ვითარება წლიდან წლამდე მხოლოდ უარესობისკენ იცვლება. ცალკე აღნიშვნის ღირსია პროკურატურის მუშაობა, რომელიც სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგებისგან თავის არიდების საშუალებას აძლევს.

ასევე, მოუგვარებელია სქესობრივი ძალადობის მსხვერპლთათვის ფსიქოლოგიური დახმარებისა და სოციალური სამსახურების გამართული მომსახურების უზრუნველყოფა“, – ამბობენ ქალთა მოძრაობის წევრები.

ქალთა მოძრაობის წევრების მოთხოვნებია:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობისთვის.

„ქობულეთში მომხდარი შემთხვევა არის გამოძახილი იმ სისტემური პრობლემების, რაც საქართველში ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების მიმართულებით გვაქვს. ეს არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, რესურსების სიმცირე, დაგვიანებული რეაგირება და ხშირ შემთხვევებში უწყებებს შორის კოორდინაცია“, – ამბობს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე „TV პირველთან”.