ნუ დავარღვევთ კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებს – თურნავა საახალწლოდ სასტუმროებს აფრთხილებს

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სასტუმროების მეპატრონეები გააფრთხილა, დაიცვან რეკომენდაციები და ნუ დაარღვევენ კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებს. მისივე თქმით, აღნიშნული გაფრთხილება წერილობით უკვე დაეგზავნა ყველა სასტუმროს.

„მოდის ახალი წელი, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია, ბუნებრივია, ემზადება ამისთვის, მაგრამ ყველას შევახსენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს, არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, მთავრობის 23 მაისის 223-ე დადგენილება, რომლის თანახმადაც, იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით. აქედან გამომდინარე, ყველა სასტუმროს, ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შევახსენებ, რომ ეს შეზღუდვა არის დაწესებული. მისი დაცვა მკაცრად მოგვიწევს და რა თქმა უნდა, ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ეს ახლი წელი იქნება განსხვავებული…

მოკრძალებული დადებითი ტენდენციები სწორედ წერტილოვანი შეზღუდვის ღონისძიების კვალობაზე გვაქვს. ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ ზომიერ ნიშნებს და ახალი წელი ვიზეიმოთ სახლებში, ვიზეიმოთ მოკრძალებულად. ნუ დავარღვევთ კანონმდებლობით დაწესებულ შეზღუდვებს, ეს გაფრთხილება წერილობითაც დაეგზავნა ყველა სასატუმროს და ყველას მოვუწოდებთ, რომ ძალიან ყურადღებით მოეკიდოს ამ საკითხს“, – განაცხადა თურნავამ.