ნურცერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - დოლიძე

პუბლიკა

მოძრარობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი, ანა დოლიძე წერს, რომ სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია და ეს გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი.

„1. რუსეთი გამტყუნდა მთელ რიგ დანაშაულებში ჩვენი ხალხის მიმართ.

  1. სტრასბურგმა აღიარა ოკუპაცია და მთელი პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებზე რუსეთს დააკისრა (არავითარი ბოევიკები, მოხალისეები და ოსეთის ადმინისტრაცია);
  2. ნურცერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას. სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი. მარტო მე, და, ჩემ გარდა, კიდევ ბევრ ადამიანს და ორგანიზაციას აქვს მოპოვებული და მიწოდებული მტკიცებულებები ამ საქმესთან დაკავშირებით.

ასე რომ, ყველამ ერთად ვიზეიმოთ. გილოცავ საქართველო”, – წერს ანა დოლიძე.


იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

კერძოდ:

► სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

► სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

► სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის.