„ოცნებამ“ თავისი ინიციატივა 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე ციფრებში წარმოადგინოს – ოპოზიცია

პუბლიკა

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დასრულდა შეხვედრა, რომელზეც ოპოზიციის წევრები 2020 წლის საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ერთიან გეგმას აჯერებდნენ. ოპოზიცია „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვს, მმართველმა პარტიამ თავისი ინიციატივა 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპზე უფრო კონკრეტულად, ციფრებში წარმოადგინონ.

მათი თქმით, „ქართული ოცნების“ შეთავაზება, რომლის შესახებ გუშინ პარტიის ოფისში ბრიფინგზე ისაუბრეს, კავშირში არ არის ეფექტურ პროპორციულობასთან, შესაბამისად, ამ წინადადებას ვერ განიხილავდნენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ „ოცნების“ შეთავაზებული 40%-იანი ზღვარი, სავარაუდოდ, შექმნის „სამართლებრივ ხვრელებს“, რაც ისეთ პარტიებს, რომლებმაც 40%-ზე ნაკლები ხმა მიიღეს, საშუალებას მისცემს, მაინც დააკომპლექტონ მთავრობა. ეს კი, ოპოზიციონერის თქმით, ივანიშვილის მიზანია.

„მაგიდა შეთანხმდა: პირველი – ეს იდეები არის მიუღებელი, მაგრამ, სანამ დეტალებში დავიწყებთ ლაპარაკს, რატომ არის მიუღებელი, კეთილი ინებონ, მეორე ბრიფინგიც გამართონ და საზოგადოებას გააცნონ თავიანთი წინადადება. სანამ ეს არ იქნება, არაფერი არ არის შეთავაზებული, მით უმეტეს, რომ ორივე მხარეს ფასილიტატორების წინაშე აქვს აღებული ვალდებულება, რომ არც ერთ იდეას არ გავიტანთ მაგიდის გარეთ.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი – ყველა ლაპარაკს თან უნდა  ერთვოდეს ახსნა-განმარტება, რას აპირებენ: პირველი – პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით; მეორე – იმ საქმეების შეწყვეტაც, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური დევნა“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ.

„პროპორციული რომ შემოგვთავაზონ, მივცემთ ხმას, ოღონდ ეს არ იქნება ნორმალიზაცია, სანამ პოლიტიკური დევნა არ შეწყდება და პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებენ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება შეხვედრის კიდევ ერთ მონაწილეს, „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერ ნინო ბურჯანაძის პოზიციას, მისთვის პროპორციული განაწილება 130-20-ზე მისაღებია, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ბურჯანაძეც თავს იკავებს. მან განაცხადა, რომ მთავარი პრინციპია, რაც შეიძლება მეტი იყოს მაჟორიტარული წარმომადგენლობა და ასევე მნიშვნელოვანია მაჟორიტარული ოლქების საკითხიც.

გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომაზე საარჩევნო სისტემა და ოპოზიციისთვის შესათავაზებელი მოდელი განიხილეს.

მმართველი გუნდის ლიდერები ახალი შეთავაზების დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ შეიმუშავა მოდელი, რომელშიც გათვალისწინებულია „ჩამკეტი ელემენტი“, რაც 40 ან 40%-ზე დაბალი მხარდაჭერის მქონე პარტიას საშუალებას არ მისცემს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება შეძლოს. მისივე თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ აღნიშნული მოდელით მიღებული  შედეგი პროპორციული საარჩევნო სისტემის იდენტურია.