„ქართული ოცნების“ პარლამენტმა საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან ტერმინ „გენდერის“ ამოღებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას პირველი მოსმენით 83 დეპუტატატმა დაუჭირა მხარი, 0 – წინააღმდეგი.
პლენარულ სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტი „ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა წარადგინა და თქვა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო ტერმინის „გენდერის თავსმოხვევა“, რაც მისი მტკიცებით, მსოფლიოში არსებული პოლიტიკური პროცესების ერთგვარი ანარეკლია.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, „საქართველოში აღიარებულია ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებები“, ქართულ კანონმდებლობაში კი ამ დრომდე „უცხოური გავლენისა და მათი წარმომადგენლობის აქტიური ლობირებით, მიზანმიმართულად ხდებოდა ხელოვნური ტერმინის გენდერის დანერგვა“.
„იმისთვის რომ ეს თავმოხვეული ტერმინი იქნეს ჩვენი მხრიდან ამოღებული, მე გთავაზობთ, რომ პირველი მოსმენით განვიხილოთ ეს კანონპროექტები. არის საკმაოდ ვრცელი ნუსხა კანონპროექტების, ყველა კანონპროექტში სიტყვა გენდერის მოღება ხდება და იცვლება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპით, რაც ერთი მხრივ არის საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში სრულად, და მეორე მხრივ მთლიანად გამოხატავს ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოტივებსაც და ტერმინოლოგიასაც“, – თქვა მათიკაშვილმა.
ცვლილებებით, როგორ პარლამენტში, ასევე ყველა ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში გენდერული საბჭოებიც უნდა გაუქმდეს. მათიკაშვილის თქმით, საბჭოების გაუქმების შემდეგ, ალბათ, უფრო მეტად იქნება ფოკუსირება საჭირო თანასწორობის უფლების დაცვაზე, მაგრამ „საბჭოს, რომელიც სახელწოდებაშივე ქმნიდა არასწორ წარმოდგენებს საბჭოს საქმიანობის შესახებ, ბუნებრივია მისი არსებობის საჭიროება დღეს ნამდვილად აღარ არის“.
კანონმდებლობიდან ტერმინ „გენდერის“ გაქრობის ინიციატივა „გირჩს“ 2023 წელს ჰქონდა. პოლიტიკური ჯგუფის ინიციატივა ანტიდისკრიმინაციული და გენდერული თანასწორობის შესახებ კანონების გაუქმებას ითვალისწინებდა.
მათი პაკეტი სთავაზობდა პარლამენტს, ცვლილებები შესულიყო 6 სხვადასხვა კანონში და ამოღებულ ყოფილიყო ტერმინი გენდერი, მათ შორისა იყო „მაუწყებლობის შესახებ კანონის“, პარლამენტის რეგლამენტის, „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლები, რომლებშიც სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის, გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობაზეა საუბარი.
2023 წლის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ ინიციატივა „სრული მავნებლობა და არასწორი ინტერპრეტაციაა“. მისი თქმით, კანონმდებლობით, გენდერული თანასწორობა განისაზღვრება, როგორც ქალებს და კაცებს შორის თანასწორობა.
2024 წლის 17 სექტემბერს „ოცნებამ“ საბოლოოდ მიიღო ცენზურის დამწესებელი, ჰომოფობიური პაკეტი, სახელწოდებით „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“. კანონით განიმარტა, რომ „ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი“. სწორედ ამ ცვლილებას ასახელებს „ოცნება“ ახალი ინიციატივის ერთ-ერთ საფუძვლად.