„ძალა ერთობაშიას“ კანდიდატები II ტურში მონაწილეობაზე უარით ცესკოს მიმართავენ

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ 4-ვე ოპოზიციური კანდიდატი ოფიციალურად მიმართავს ცესკოსა და უსკოს, რომ არ იღებენ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში.

„დღეს ოთხივე კანდიდატი ოფიციალურად მივმართავთ ცესკოსა და უსკოს, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში. მხარდამჭერს მოვუწოდებთ, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ, რადგან იგი გაყალბდა. გაყალბებას გავაპროტესტებთ ყველა უბანთან. პროტესტის ფორმაზე პარტიებთან ვმსჯელობთ“, – განაცხადა ვარშალომიძემ. მისი თქმით, „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყობა იქ, „ვინც გაყალბებაში მონაწილეობა მიიღო“. „დეტალები ხვალ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ოპოზიცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ამ კორიდორებში მხოლოდ მმართველი გუნდის მაღალჩინოსნები და საარჩევნო კომისიის წევრები გაივლიან.

საარჩევნო ბლოკ „ძალა ერთობაშიას“ 12-ვე მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს, რომ მათაც დაწერეს განცხადებები, რომელთაც ცესკოში წარადგენენ.

„ყველა კანდიდატი უარს ვაცხადებთ, მივიღოთ მონაწილეობა ამ ფარში. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობას, მაგრამ არც ხელის შეშლას“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

„12 მაჟორიტარობის კანდიდატი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი, გაყალბებული არჩევნების შედეგად ვართ დღეს მეორე ტურში, უარს ვაცხადებთ და არ ვიღებთ მონაწილეობას იმ ფარსში, რომელიც 31 ოქტომბერს დადგა ივანიშვილმა და უნდა, რომ გააგრძელოს ეს ფარსი 21 ნოემბერს. ასევე ამ ბოიკოტს უერთდება აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის 2 კანდიდატი, რომლებიც იმყოფებიან მეორე ტურში“, – ამბობს გიორგი ბოტკოველი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს II ტურში კანდიდატების მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის პროცედურას, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, აპირებს თუ არა კანდიდატი მონაწილეობას, მისი სახელი ბიულეტენში მაინც იქნება.


ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც, არსებული შედეგებით, არჩევნების I ტურში 1%-იანი ბარიერი გადალახეს, შეთანხმდნენ, რომ II ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

ყველა ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. მოითხოვენ, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალ არჩევნებს.

ამ მოთხოვნით ოპოზიცია, სხვადასხვა ქვეყნის ელჩის ფასილიტაციით, „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის მაგიდასთან დაჯდა. შეთანხმების მისაღწევად, „ქართული ოცნების“ ერთადერთი პირობაა, ოპოზიციამ არჩევნების არსებული შედეგები აღიაროს.