ოჯახურ ძალადობაზე მიმართვიანობა ევროპაში 60%-ით არის გაზრდილი - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმის შემოღების შემდეგ ოჯახური ძალადობის ცხელ ხაზზე მიმართვიანობა 60%-ით არის გაზრდილი.

ჯანმო-ის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგმა მაგალითისთვის მრავალი ქვეყნის მონაცემთა ბაზა მოიყვანა, მათ შორის: ბელგიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, რუსეთის, ესპანეთისა და ბრიტანეთის. მონაცემები ცხადყოფენ, რომ ოჯახური ძალადობის შემთხვევები პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები მწირია, ორგანიზაციის წევრი ქვეყნები იუწყებიან, რომ წინა წელთან შედარებით აპრილის თვეში ოჯახურ ძალადობაზე მიმართვიანობა ძალადობის მსხვერპლი ქალების მხრიდან 60%-ით არის გაზრდილი”, – განაცხადა კლუგმა კოპენჰაგენში გამართულ ონლაინკონფერენციაზე.

სააგენტო აცხადებს, რომ პრობლემა გლობალურია. მათი თქმით, ონლაინძიებები ძალადობის პრევენციისთვის განკუთვნილი ცხელი ხაზის შესახებ 5-ჯერ არის გაზრდილი.

კლუგი აცხადებს, რომ რამდენიმე ქვეყანამ პრობლემასთან გამკლავების გზები უკვე შეიმუშავა. იტალიაში დაინერგა აპლიკაცია, რომელიც ძალადობის შემთხვევაში ადამიანებს საშუალებას აძლევს, დახმარებას ზარის განხორციელების გარეშე მიმართონ.  საფრანგეთსა და ესპანეთში რამდენიმე სასტუმრო ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილ თავშესაფრად გადააკეთეს.

„სამუშაო ადგილების შემცირება, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მზარდი მოხმარება, არსებული სტრესი და შიშები, რაც პანდემიამ გამოიწვია, შეიძლება წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად იქცეს”, – განაცხადა ჰანს კლუგმა.