ომბუდსმენი არასოდეს რეაგირებს პრეზიდენტის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახალხო დამცველს საყვედურობს. ადმინისტრაციამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე სათანადოდ არ რეაგირებს.

უწყების განცხადება პრეზიდენტის მიერ შაქარაშვილის საქმის შესახებ გაკეთებულ კომენტარს ეხება, რომელშიც პრეზიდენტმა განაცხადა: „ვაჟკაცობა ვიცი ერთი ერთზე. არ ვიცი მე ეს ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი…“

პრეზიდენტის ხსენებულ განცხადებას სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას კომენტარი მოჰყვა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ არც ერთი ფორმის ძალადობის რომანტიზება არ უნდა ხდებოდეს და საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„მეტად სამწუხაროა, ამ პირობებიდან გამომდინარე, რომ ომბუდსმენმა ჩათვალა საჭიროდ პრეზიდენტის 16 ივლისის განცხადების შეფასება მისი არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველზე”, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ამ განცხადებით დაგმო ძალადობა და ახალგაზრდებს აღიარებისა და მონანიებისაკენ მოუწოდა.

„არა მხოლოდ ზემოხსენებული განცხადება, არამედ საქართველოს პრეზიდენტის ყველა გამოსვლა გმობს ძალადობას და პოლარიზაციას და მიმართულია შერიგებისა და ერთიანობისკენ. მოცემული განცხადება ახალგაზრდებს მოუწოდებს არა ძალადობისკენ, არამედ აღიარებასა და მონანიებისკენ”, – წერია ადმინისტრაციის განცხადებაში.

იმავე საკითხზე დღეს ჟურნალისტების შეკითხვას პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მის სიტყვებს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით არასწორი ინტეპრეტაცია მოჰყვა და მას არ უგულისხმია ის, რაც მედიაში გავრცელდა.

„დავიღალე თქვენი, უფრო სწორად, რამდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემ მიმართ, თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.