ომბუდსმენმა ნიკა მელიას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

ვასკა მათითაიშვილი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკანორ მელიას საქმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სახალხო დამცველმა 10 თებერვალს  „სასამართლოს მეგობრის“ სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მან მოითხოვა პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომლითაც მელიას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

“პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დეპუტატს სასჯელის სახედ საპატიმრო სასჯელი დაენიშნა. იმ შემთხვევებში, როცა სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელი ინიშნება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა შეწყდეს”,-წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

2019 წლის 12 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე  პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.  კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, არცერთი წინააღმდეგი. დადგენილების თანახმად მელიას შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.