ომი რომ არ შეწყვეტილიყო, სტეფანაკერტსაც ვკარგავდით - არუთუნიანი აზერბაიჯანთან შეთანხმებაზე

პუბლიკა

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა ყარაბაღის ომში დათმობაზე წასვლის მიზეზებზე ისაუბრა. როგორც სომხური მედია წერს, არუთუნიანმა ხალხისადმი გაკეთებულ მიმართვაში განაცხადა, რომ ის იძულებული იყო მიეღო მძიმე გადაწყვეტილება და დაესრულებინა ომი.

„43-დღიანი დაპირისპირების შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ფიზულის, ჯაბრაილის, ქუბადლის, ზანგელანის რაიონები, ასევე ჰადრუთის რაიონის ძირითადი ნაწილი, მნიშვნელოვანი ტერიტორიები მარტუნისა და ასკერანის რაიონებში, დავკარგეთ შუშა.

ბრძოლა უკვე სტეფანაკერტის მისადგომებთან მიდიოდა და თუ სცენარი არ შეიცვლებოდა, რამდენიმე დღეში დავთმობდით მთლიანად არცახს, თანაც გვექნებოდა ძალიან დიდი დანაკარგები. თუკი დაპირისპირება გაგრძელდებოდა, ჩვენ მივიღებდით შეუქცევად შედეგებს.

თუ დავკარგავდით სტეფანაკერტსაც, რა ბედი ეწეოდათ მარტუნისა და ასკერანის რაიონში ჩარჩენილ მებრძოლებს? დიდი იყო იმის ალბათობა, რომ ისინი ალყაში აღმოჩენილიყვნენ“, – განაცხადა არაიკ არუთუნიანმა.

არუთუნიანის თქმით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ საჰაერო თავდაცვა გააუმჯობესა, მაგრამ აზერბაიჯანმა მათთვის დიდი ზიანის მიყენება ამ პირობებშიც შეძლო.

ხოლო თუ რატომ ვერ მოახერხა სომხეთმა აზერბაიჯანის ჯარის შეკავება, ამ კითხვაზე არუთუნიანის თქმით, ყველამ უნდა გასცეს პასუხი. განსაკუთრებით კი მათ, ვინც გასული ათი წლის განმავლობაში მართავდა სომხეთს.

„ჯარისკაცების მორალური, ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო ძალიან ცუდი. სამხედროებში გავრცელებული იყო ბევრი დაავადებაც – კორონავირუსი, დიზინტერია და სხვ. შეუძლებელი იყო სამხედრო ძალების როტაციის ორგანიზება, ამ დაავადებების მკურნალობა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ჯარისკაცებმა მტრის შეკავება 43 დღის განმავლობაში შეძლეს“, – განაცხადა არუთუნიანმა.

არუთინიანმა ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ ვერ მოხერხდა დროულად რეაგირება. მისი თქმით, მან სომეხ ხალხს დახმარებისკენ მოუწოდა ჯერ აღდამიდან, შემდეგ კი შუშიდან, როცა აცხადებდა, რომ მოწინააღმდეგე ქალაქიდან 5 კილომეტრში იყო.

„ჩვენ შუშაზე კონტროლი, ფაქტობრივად, 5 ნოემბერს დავკარგეთ. ხოლო სრულად – 7 ნოემბერს. არ გვსურდა იმის გააზრება, რომ მთელ სამშობლოს ვკარგავდით, არ გვსურდა იმის დაჯერებაც, რომ შეუძლებელი იყო ბრძოლის გაგრძელება ჩვენს ხელთ დარჩენილი ადამიანური და საბრძოლო რესურსით“, – თქვა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერმა.


მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ სამ ქვეყანას შორის შეთანხმება წუხელ მოხდა. შეთანხმების მიხედვით, მხარეები ჩერდებიან ამჟამინდელ პროცესზე, თუმცა სომხეთი გაიყვანს ჯარს აღდამის, კელბაჯარისა და ლაჩინის რაიონებიდან, დაიტოვებს ლაჩინის დერეფანს სტეფანაკერტთან დასაკავშირებლად, სანაცვლოდ კი აზერბაიჯანს გაუკეთებს უსაფრთხო დერეფანს ნახიჩევანისკენ.

შეთანხმების მიხედვით, რეგიონში 2000-მდე რუსი ჯარისკაცი სამშვიდობო ძალების სტატუსით შევა, ასევე გაეროს ეგიდით უნდა მოხდეს აზერბაიჯანენლი დევნილების დაბრუნება მთიან ყარაბაღში.