ოპოზიცია 5-6 ივლისის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ პარლამენტის წევრებს აქვთ ვალდებულება, გააკონტროლონ აღმასრულებელი ხელისუფლება.

სამნიძის თქმით, 5 ივლისს ღიად ისმოდა მუქარა, არსებობს ვიდეოჩანაწერებიც და ამაზე ინფორმირებული იყო შსს. მისი თქმით, კითხვებზე პასუხის გასაცემად დაიბარეს გომელაური, მაგრამ ოპოზიციის გვერდით „არავინ დადგა“.

ხათუნა სამნიძის განცხადებით, ღარიბაშვილმა დღეს მოუწოდა ყველას ძალადობისკენ ვინც ფიქრობს, რომ ამ ქვეყანაში უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს ყველას ბედი.

„ვიღაცა სადღაც შეიკრიბოს თუ არა, ეს არის თურმე უმრავლესობის გადასაწყვეტი და კონსტიტუციური უფლებები ვის როგორ შეუძლია გამოიყენოს, თანასოწრი არის თუ არა, ამაზე პასუხი გასცა და თქვა, არაო, მე როგორც გადავწყვეტ, ისე იქნებაო და ნადირობა გამოაცხადა“, – განაცხადა სამნიძემ.

„რა შუაშია ოპოზიცია, როცა ვიხილეთ ორგანიზებული დანაშაული და საქმეები აღძრული ორგანიზებულ დანაშაულზე არ არის. გომელაური რომ უნდა მოვიდეს, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი, ხვალ მოვიდეს კომიტეტზე და ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, ამისთვისაა პარლამენტი“, – განაცხადა სამნიძეს.

მას ბიუროს სხდომაზევე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, რომ უკვე დაბარებულია ვახტანგ გომელაური და პროცედურის შესაბამისად მომავალ რიგგარეშე სხდომაზე მოვა.

სამნიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნაც ახსენა.

„ორჯერ დაიწვა ევროკავშირის დროშა. ამ მიმართულებით მაინც დაგვიჭირეთ მხარი უმრავლესობამ, რომ შევქმნათ საგამოძიებო კომისია… მე რომ მივიდე ახლა დროშასთან, პოლიცია იმ წამს ჩადგება კორდონში და არ მიგვიშვებენ და როგორ მოახერხეს ძალადობრივმა ჯგუფებმა და ორჯერ დაწვეს დროშა. დროშის აღმართვა არაა საკმარისი, ბატონო თავმჯდომარევ. დღესაც გვესმის ძალადობრივი მოწოდბები, მთელი ოპოზიცია ვთანხმდებით, რომ კომისია უნდა შეიქმნას. შევქმნათ დროულად, სასწრაფოდ, გამოვიძიოთ, როგორ მოხდა ორგანიზებულად თავდასხმები, მკვლელობაც, თავპირი დაულეწეს ჟურნალისტებს და დაწვეს ევროკავშირის დროშა, რიტუალი მოაწყვეს ორჯერ“, – განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არავინაა. მისი თქმით, დროშის დაწვა გამოძიებული უნდა იქნას და სამომავლოდ დაიგეგმოს, იგივე როგორ არ განმეორდეს და ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიც უნდა განხორციელდეს.