ოპოზიცია იყო ძალიან სუსტი, გახარია ტრიბუნიდან ხმალაობდა, ღადაობდა, უკბილოდ ხუმრობდა - ჯაფარიძე

პუბლიკა

„გირჩის” ლიდერის, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, გუშინდელ პარლამენტის სხდომაზე, სადაც გიორგი გახარია მოხსენებით გამოვიდა, ოპოზიცია „იყო სუსტი“. მისი თქმით, პრემიერმა ყურადღება ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანა და ასე „მოუგო” ოპოზიციას. ზურაბ ჯაფარიძემ „ტვ პირველთან” თქვა, რომ გუშინდელ სხდომაზე ორი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განხილულიყო – პანდემია და ეკონომიკა. „გირჩის” ლიდერის განცხადებით, ოპოზიცია პანდემიასთან ბრძოლისთვის მადლობის გადახდის პოზიციაზეა, ხოლო ეკონომიკურ ნაწილში სუსტი არგუმენტები მოიყვანეს.

„ჩემი აზრით, ოპოზიცია იყო ძალიან სუსტი. გახარიამ ერთი მოახერხა ის, რომ წვრილმან, ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე ჩაავლო და გადაიტანა ყურადღება, ბევრი დრო დაახარჯინა და მოუგო, ჩემი აზრით, მაგ ნაწილში.

მთავარი თემა იყო პანდემია და ეკონომიკური საკითხები. პანდემიის ნაწილში, იმის გამო, რომ ოპოზიციას ჯერ კიდევ ისეთი პოზიცია უჭირავს, მადლობებს უხდის იმ ტყუილებისა და იმ ზომებისთვის, რაც ხელისუფლებამ გაატარა, უამრავი ადამიანი და ოჯახი დატოვა შემოსვალის გარეშე და დღემდე ჯერ კიდევ მადლობებს უხდიან, აპრიორი წაგებული იყო ეგ თემა”; – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ეკონომიკას, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ამ თემაზე შეკითხვები არაკომპეტენტურად იყო დასმული. მას ასახსნელად ერთი მაგალითი მოჰყავს:

„ეკონომიკურ თემებშიც, ჩემი აზრით, გახარიამ მოიგო. მოიგო იმის გამო, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკური თემები სულელურად იყო წარმოდგენილი. „არ შეიძლება, პრემიერს ელაპარაკებოდე იმაზე, წიწიბურას ფასი რატომ გაიზარდა” – ჯერ ერთი, წიწიბურას ფასი რატომ გაიზარდა, მაგას მილიონი ახსნა შეიძლება ჰქონდეს და „ოცნების” დაპირების ნაწილი იყო, კურსის გამო ცვლილება რაც იქნება, იმას დავასუბსიდირებო და ეგ სულაც არ ნიშნავს, რომ ფასი არ გაიზრდებოდა. როგორ შეიძლება საკითხის ასე დაყენება, მაგაზე მოგიგებს. პრობლემა არის ის, რომ ინფლაციაა ქვეყანაში და მაგაზე პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც გასაგდებია, წლებია. კომპეტენციის ამბავია, ეგეთ სისულელე კითხვას რომ უსვამ, ცხადია, ეგეც წამოგეგება და დაგცინებს. ბოლოს თქვა, „ხოო, რა ვქნაო, გაიზარდა წიწიბურაზე ფასიო” და აჰა, მორჩა.

იმ ნაწილში, სადაც იყო გადასახადების შემცირებაზე და ეგეთ თემებზე, უბრალოდ, მოატრიალა გახარიამ ისე, რომ „სავალუტო ფონდი იძახისო, რომ ბიუროკრატიული ხარჯები ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გვაქვს მსოფლიოშიო” და ამით გადატეხა თემა, როცა, სინამდვილეში, ბიუროკრატიული ხარჯის მნიშვნელობა რაა, მთავრობის მთლიანი ხარჯები არის პრობლემა. ასახსნელი იყო ის, რომ ფუნდამენტურად მცდარია, რაზეც გახარია საუბრობდა, რომ ტყუილია, გადასახადების შემცირება ეფექტს არ იძლევა, ტყუილია, რომ ყველაზე დაბალი გადასახადები გვაქვს”, – განაცხადა „ღამის ამბებში” ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, რომ ოპოზიციის ყველა შეკითხვასთან პრეტენზია არ ჰქონდა. მან მაგალითად მოიყვანა „ევროპული საქართველოს” რამდენიმე დეპუტატის, მათ შორის, გიორგი კანდელაკის გამოსვლა, თუმცა, საბოლოოდ, მისი შეფასებით, ოპოზიციონერების გუშინდელმა „მოუმზადებლობამ” გახარიას რეიტინგს აღდგენის საშუალება მისცა.

„ხალხი მართლა შიმშილობს ქვეყანაში და შეგიძლია, ეკონომიკაზე აიღო და დააგდო მიწაზე და ფეხები გაიწმინდო, პირობითად ვამბობ, სიმბოლურად. ეგეთ ამბავს ველოდები, როცა ოპოზიციაა პარლამენტში.

ნაცვლად ამისა, ვნახეთ ადამიანი აღმდგარი, რომლის რეიტინგი განადგურებული იყო, არ ვიცი, სულ რამდენიმე თვის წინ, რომელიც ტრიბუნიდან ხმალაობდა, ღადაობდა, იცინოდა, უკბილოდ ხუმრობდა, მაგრამ მაინც”, – განაცხადა ჯაფარიძემ.