ოპოზიციონერი დეპუტატები საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებენ

პუბლიკა

პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები საზოგადოებას პარლამენტთან მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდებენ.

„ვინ იცის, რა ელოდება ქვეყანას ამ კანონის მიღების მერე, ყველა, მოვიდეს და გაგვაძლიეროს, ჩვენ აქ არ ვართ იმდენი, რომ შევძლოთ ისეთი წინააღმდეგობა, რომელსაც ჩვენგან ელით, თუ არ გვექნება თქვენი მხარდაჭერა ამ შენობის გარედან. ეს იცის „ქართულმა ოცნებამ“ ამიტომ უნდა ნახონ, რომ ყველა დგას ერთად“,- განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, რომ უმჯობესია დღესვე დაიწყონ „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა.

მმართველმა პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზება მისაღებია და კარგი იქნება დღესვე დაიწყონ განხილვა დროის მოგების მიზნით.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რუსული კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე შესვენების გამოცხადების გარეშე დაიწყეს.