„ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო“ ზესტაფონში „ოცნებამ“ წევრები გარიცხა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ზესტაფონის საოლქო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი გარიცხეს.

„ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციის თავიდან ასაცილებლად, ვაცხადებთ, რომ 2021 წლის 17 აპრილის, მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან გარიცხვა,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ეს ადამიანები პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები აღარ არიან.