პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა - პრემიერი

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშს უსმენენ.

მან ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება 50%-ით გაიზარდა.

პრემიერის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 57 ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდა, 5-ის მშენებლობა კი მიმდინარეობს.

„პანდემიასთან ბრძოლაში ჩართული სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა 50%-ით. გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალისა და სოფლის ექიმების ხელფასიც. ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში სამედიცინო პერსონალის ხელფასი 30%-ით გაიზარდა.

ყოველწლიურად იზრდება ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება. ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიურად ასანაზღაურებელი თანხა გაიზარდა 8 000 ლარით. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს შესაძლებლობა აქვთ 12 000-ის ნაცვლად 20 000 ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისი მიიღონ. ასაკობრივი პაკეტით მოსარგებლეებისთვის პროგრამით განსაზღვრული თანხა 15 000-დან 23 000 ლარამდე გაიზარდა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენით დღეს დაიხურება.