პანდემიის პირობებში გაიზარდა ბავშვთა უგულებელყოფის საფრთხე - ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენის თქმით, პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების ყურადღება.

„მსოფლიო პანდემიის პირობებში, გაიზარდა ბავშვთა სიღარიბის, მათ მიმართ ძალადობის და უგულებელყოფის საფრთხე. პრობლემას წარმოადგენს განათლების მიღების შესაძლებლობა, ხშირ შემთხვევაში ინტერნეტთან და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან წვდომის არარსებობის გამო. ამასთან, კარანტინის რეჟიმი და იზოლაცია დამატებით დამთრგუნველ ფაქტორად იქცა და უარყოფითად აისახება ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე”, – წერია განცხადებაში.

ლომჯარია სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს მუდმივ რეჟიმში უზრუნველყონ ბავშვთა ინფორმირება მათთვის თვალსაჩინო და გასაგები ფორმით. მისი თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების უწყვეტობაზე და საგანმანათლებლო პროცესისთვის აუცილებელ ტექნიკურ უზრუნველყოფაზე მუშაობა.

ლომჯარია მოუწოდებს სახელმწიფოს, უზრუნველყოს პრევენციული ღონისძიებები და ეფექტური კოორდინაცია ოჯახებში ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

„ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზროს ის საფრთხეები და რისკები, რის წინაშეც იმყოფებიან არასრულწლოვნები. ბავშვთა უსაფრთხოება და მათი ჯანმრთელობა, პანდემიის პირობებში, დიდწილად სწორედ მშობლებისა და მზრუნველი პირების სამოქალაქო თვითშეგნებაზე და მათი მხრიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიერ გაცემულ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული”, – აცხადებს სახალხო დამცველი.