პაპუაშვილი: ოპოზიცია იმედოვნებს, როგორმე „ლელოს" პოლიტსაბჭოს ჩაატარებინონ არჩევნები

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ „ჩნდება ეჭვი, რა მიზნები აქვთ სინამდვილეში მათ, ვინც ცესკოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევის წესის შეცვლას აკრიტიკებს”.

19 თებერვალს იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვით, უქმდება თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციისთვის განკუთვნილი თანამდებობა.

სანამ კანონი საბოლოოდ დამტკიცდება, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას პარტია „ლელოს” წევრი გიორგი სიორიძეა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „როგორც ჩანს, ოპოზიცია იმედოვნებს, იქნებ რამენაირად ჩამოიცილონ არჩეული თავმჯდომარე და ლელოს პოლიტსაბჭოს ჩაატარებინონ არჩევნები”.

„აი ეს ეჭვები ჩნდება უკვე ნელ-ნელა. მათი მთავარი მიზანია, რომ „[ლელოს წევრმა”] შეინარჩუნოს მოადგილის თანამდებობა, რომელსაც არავითარი დამატებითი ფუნქცია არ აქვს. ეს არის ჩასაფრებული მოადგილე, რომელიც ელოდება, რამე დაემართოს ცესკოს თავმჯდომარეს, რომ შემდეგ ის გახდეს თავმჯდომარე”. – თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მესამე მოსმენით უკვე პლენარულ სხდომაზე განიხილავს. სხდომის მხარდაჭერის შემთხვევაში პარლამენტი კანონს მიიღებს და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.