პაპუაშვილი: სუსი აშშ-ს ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე მტკიცებულებებისთვის მიმართავს 

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აშშ-სგან ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საქმეზე მტკიცებულებებისთვის მიმართავს.

პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა „ქართული ოცნების” მესიჯი ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ გენპროკურორს უკვე 10 წელია, კავშირი არ აქვს პოლიტიკასა და საჯარო სამსახურთან.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, მათ შორის საჯაროდ, რომ მათ დაიწყეს საქმის მოკვლევა. ეს, რა თქმა უნდა, არის მძიმე ბრალდება, და მეორე მხრივ, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ ტიპის სანქციაში მოექცა. ამიტომაც, თავისთავად, სუსი ამ საკითხზე მუშაობს, მათ შორის მიმართავს ამერიკელ პარტნიორებს, რომ გადმოსცენ მტკიცებულებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას უდევს და ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ამ პროცესის შესახებ სრულად ინფორმირებული იქნება ქართული საზოგადოება.

ადამიანი, რომელსაც ბოლო 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკასთან და საჯარო სამსახურთან, არის კერძო პირი. მეორე, სწორედ იმიტომ, რომ ეს არის მძიმე ბრალდება, ამიტომაც სუსმა დაიწყო ამ საკითხის მოკვლევა, ამიტომაც არის, რომ მტკიცებულებებზე მიმართავს ამერიკულ მხარეს და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ღია კომუნიკაცია საზოგადოებასთან”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

2023 წლის 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებაზე საუბარია გამოქვეყნებული დოკუმენტის ქვეთავში „რუსეთის საზიანო გავლენა საქართველოში“.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველ-რუსი ოლიგარქია. OFAC-ის განცხადებით, FSB-ის ოფიცერმა, ალექსანდრ ონიშენკომ და თავად FSB-მ „გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.