პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა

პუბლიკა

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „საქართველოს საგარეო  პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი განიხილეს და 81 ხმით, ერთხმად მიიღეს. საკითხი განსახილველად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ წარადგინა.

პროექტის თავდაპირველ ვერსიას, რომელიც 14 პუნქტისგან შედგებოდა, კომიტეტებზე განხილვების შედეგად, კიდევ 2 პუნქტი დაემატა, მათ შორის, ერთი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებულ სახელმწიფოთაშორის დავებს ეხება – რეზოლუციის თანახმად, ამ დავებზე საქართველო გააგრძელებს აქტიურ მუშაობას საბოლოო წარმატების მისაღწევად. ცალკე მუხლად ჩამოყალიბდა მეგობარ ევროპულ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცების შესახებ ჩანაწერი.

საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტი აცხადებს საგარეო პოლიტიკის შემდეგ სტრატეგიულ პრიორიტეტებს:

1) საქართველოს უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური ამოცანაა ქვეყნის დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნება;

2) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრება. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების დროულ და ქმედით განხორციელებას და ევროკავშირთან საქართველოს თანმიმდევრულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებას, რათა 2024 წელს საქართველომ განაცხადი შეიტანოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე. ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის შიდა ბაზართან ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარება და ევროკავშირთან საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნა, რაც ევროკავშირში სრული ინტეგრაციის საფუძველია. ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ასევე მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეუფერხებელი მოქმედება და ხალხთა შორის კავშირების ხელშეწყობა, ასევე ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სფეროში კავშირების გაღრმავება. ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნისთვის ევროკავშირთან ორმხრივი ურთიერთობების გარდა, საქართველო აქტიურად გამოიყენებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატივას, ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სხვა ახალი ფორმატების ჩამოყალიბებას.

3) საქართველოს საგარეო პოლიტიკის უალტერნატივო პრიორიტეტია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) გაწევრება. ტრანსატლანტიკური ერთობა მსოფლიო უსაფრთხოების განმტკიცების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ხელისუფლება გააგრძელებს ალიანსის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკურ დიალოგს, გამოიყენებს ნატოში ინტეგრაციის ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ინსტიტუციურ მექანიზმს, განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და სრულყოფს ნატოსთან თავსებადობას, რათა უზრუნველყოს ნატოში წევრობისთვის სტრატეგიული მზადყოფნა, ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების შესაბამისად.

4) საქართველოს ხელისუფლების მიზანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან და მოკავშირესთან, ურთიერთობების გაღრმავება ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად. განსაკუთრებული პრიორიტეტია აშშ-ისა და საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება შავი ზღვის გეოსტრატეგიულ არეალში აშშ-ის ჩართულობის გაზრდის მიზნით, თავდაცვისა და უსაფრთხოების, საგანმანათლებლო და ხალხთაშორისი ურთიერთობის სფეროებში თანამშრომლობის განმტკიცება, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევა და ამ გზით საქართველოში ამერიკული ინვესტიციების გაზრდა;

5) საქართველო, როგორც ევროპული დემოკრატია განამტკიცებს მეგობარ ევროპულ ქვეყნებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან – დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბალტიისა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებთან – პოლიტიკური, უსაფრთხოების და სექტორული მიმართულებებით ურთიერთსასარგებლო პარტნიორობას და ევროპის უსაფრთხოებისთვის ზრუნვას.

6) ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის გატარებით, საქართველო მიისწრაფის შავი ზღვის რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებისკენ. საქართველოსთვის პრიორიტეტულია აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და სომხეთის რესპუბლიკასთან კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცება, ასევე ბულგარეთთან, რუმინეთთან და უკრაინასთან ურთიერთობებში არსებული სტრატეგიული პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზება.

7) საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციასთან პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, სახელმწიფო ინტერესებზე და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებზე დაყრდნობით. ამ პოლიტიკის მიზანია ოკუპაციის დასრულება, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა, ასევე რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცება. საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებითა და ჩართულობით, საქართველო განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას, რათა მოხდეს რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავება და თავიდან აცილება;

8) საქართველო გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ წარმოებული სახელმწიფოთაშორის დავებზე აქტიურ მუშაობას საბოლოო წარმატების მისაღწევად, მათ შორის უკვე მიღებული გადაწყვეტილებების რუსეთის ფედერაციის მიერ ეფექტური აღსრულების ნაწილში. ამ დავების წარმატებით დასრულება რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ევროპული წესრიგის კონსოლიდაციას ემსახურება. ამასთან, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები ქმნის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცებისთვის მყარ სამართლებრივ საფუძველს.

9) საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან, იაპონიასთან და კორეის რეპუბლიკასთან, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან საგარეო-ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. ასევე, ყურადღება დაეთმობა სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და ოკეანეთის რეგიონის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის განვითარებას;

10) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატში, კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, სუამის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატში ურთიერთობების განვითარებას და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

11) საქართველოსთვის პრიორიტეტულია ქვეყნის, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რეგიონული კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარება, განათლების, ციფრული, ლოგისტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.

12) საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობით აღსავსე წევრი და საერთაშორისო მშვიდობის მხარდამჭერი. ქვეყნის ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშეწყობას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის გზით. აგრეთვე, საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, განაგრძობს მდგრადი განვითარების გეგმების შესრულება და გლობალურ გამოწვევებთან, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასა და პანდემიასთან ბრძოლას.

13) საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებისთვის საქართველო წაახალისებს ხალხთაშორისი ურთიერთობების, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლისა და კავშირების განვითარებას. ხელისუფლება გააგრძელებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საუკეთესო კუთხით წარმოჩენას;

14) საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, სამშობლოსთან მათი კავშირის შენარჩუნებასა და განმტკიცებას, ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და მათი კულტურული და საგანმანათლებლო კერების ხელშეწყობას.

15) საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების განხორციელებაში მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ თანამონაწილეობას.

16) საქართველოს პარლამენტი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და წარმართვაში პოლიტიკის ფუნდამენტური მიმართულებებისა და პრინციპების შემუშავებით, საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების შესრულებითა და საპარლამენტო დიპლომატიის შემდგომი გააქტიურებით.