პარლამენტში შეხლა-შემოხლის შემდეგ რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა

პუბლიკა

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიმართვის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს პოლიტიკური განცხადებების გაკეთების შესაძლებლობა არ მისცა. მისი თქმით, მათ მხოლოდ პროცედურულ საკითხებზე შეეძლოთ კითხვის დასმა.

„ის, რაც დღეს ვიხილეთ, მე არ ვიცი რამდენად ვინმეს ინტერესებშია, თუ არა ჩვენი მტრის, როდესაც საკონსტიტუციო, მთავარი ორგანოში პარლამენტში რაც ხდება, მცდელობა, ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმა არის უმრავლესობაც. ვისაუბრეთ ამაზე ბიუროზე, იყო ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთქვით კიდეც, იქნება ეს საგამოძიებო კომისია და იქნება რიგგარეშე სხდომაც, სადაც მინისტრს მოვიწვევთ, თანხმობა არის, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის.

ის, რომ პარლამენტში ის წვერები შემოიპარა, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდა და არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარენ და შემდეგ სასესიო დარბაზში ხდებოდა ეს, ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? თქვენ, ნებისმიერი თქვენთაგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ დაუშვებდით მსგავს ფორმას? თქვენ ამ ორგანოს წევრები ხართ ასევე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.


პლენარული სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა.  მას შემდეგ რაც მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ მანდატურის სამსახურში წარმომადგენლებსა და მათ შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დეპუტატებიც,

ამ მოვლენებამდე იყო ხმაური პარლამენტის უკანა შესასვლელთან. როგორც მედიაორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ამბობენ, მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურდათ, თუმცა პოლიცია და დაცვის სამსახური მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. მოგვიანებით, რამდენიმე მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელმა შენობაში შესვლა შეძლო.