პიკს შეიძლება ველოდოთ აპრილის მეორე ნახევრიდან, ეს დამოკიდებულია ეფექტიან მენეჯმენტსა და მოქალაქეებზე – ტიკარაძე

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, როდისთვის ელოდებიან საქართველოში ვირუსის პიკს და ინფიცირებულთა რაოდენობის არსებული ზრდა არის თუ არა შეშფოთების საფუძველი.

ტიკარაძის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მიჰყვება ვირუსის გავრცელების პრევენციის გეგმას და ვითარება ამ ეტაპზე კონტროლირებადია.

„ის მოლოდინი, რომ, დაახლოებით, 10 აპრილამდე სიტუაცია იქნებოდა მზარდი, მაგრამ კონტროლირებადი, ჩვენ მივყვებით იმ ჩვენს დადებულ გეგმას და სიტუაცია დღეს მაინც კონტროლირებადია. ვინაიდან ამ 10 პაციენტიდან ძირითადის კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის ან უკვე ცნობილი კლასტერებიდან, ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან განთავსებული ჩვენი პაციენტები.

ეს გვაძლევს იმის საფუძველს, ჩვენ არ ჩავთვალოთ, რომ არის უკვე  განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში,  მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ ჩვენი სტრატეგია უკვე გართულებული და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის.

ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მეორე ნახევრიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფო გუნდის, ასევე ჩვენი მოქალაქეების მხრიდან აღსრულების ნაწილი. ამაზეა დამოკიდებული, რამდენი პაციენტი გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში და თუ როგორ გაგრძელდება  პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“, – აცხადებს ტიკარაძე.