პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, დავით ჭითანავას 60 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა.
გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
ჭითანავა საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
„ტვ პირველის“ ცნობით, ადვოკატის თქმით, ჭითანავამ გირაოს სახით სიმამრის ქონების ჩადების პირობა დადო.
ჭითანავა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და ადევნების ფაქტზე 27 ივლისს დააკავა.
უწყებამ თქვა, რომ ბრალდებულმა მოიპოვა და უკანონოდ შეინახა სამი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო მასალა, ხოლო ერთ-ერთი დაზარალებულის ფოტოები სხვა პირს გადაუგზავნა. ასევე, პროკურატურის ცნობით, ბრალდებული „უთვალთვალებდა დაზარალებულს, გადაადგილდებოდა მის საცხოვრებელ სახლთან და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა, რის შედეგად დაზარალებულმა ფსიქიკური ტანჯვა განიცადა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი“.
„ტვ პირველის“ ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომ შემთხვევა 2025 წლის აპრილში მოხდა და გამოძიებაც ამ დროიდან მიმდინარეობდა, თუმცა, დავით ჭითანავა მხოლოდ მას შემდეგ დააკავეს, რაც მან 26 ივლისს საქართველოს დატოვება სცადა. ადვოკატის თქმით, ჭითანავა თურქეთში მიდიოდა „შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“.
ჭითანავას ადვოკატის თქმით, კაცი მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და სამსახურიდან ერთი თვის წინ წამოვიდა „ოჯახური პირობების გამო“.
საქმის პროკურორი ამბობს, რომ დავით ჭითანავას ქალების პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალებს ესთეტიკის ცენტრიდან აწვდიდნენ, რასაც კაცი შემდეგ ქალების დასაშანტაჟებლად იყენებდა. მისი ტელეფონი ახლა ტექნოლოგიურ ექპერტიზაზეა გადატანილი.
ადვოკატი ამბობს, რომ „ესთეტიკის ცენტრის ხელმძღვანელი ამ ვითარებას არ ადასტურებს“.
„ბუნებრვია, ასეთ შემთხვევაში ექსპერტიზას უნდა დაედგინა, იყო თუ არა ჭითანავას ტელეფონში გადაგზავნილი ასეთი ინფორმაცია. ბრალდების მხარე მიუთიტებდა, რომ შეიძლებოდა, მის ტელეფონში ყოფილიყო ასეთი ინფორმაცია, მაგრამ ოპერატიული ინფორმაციის გარდა ასეთი რამ ნანახი არ არის. წელიწადნახევარია, გამოძიება მიმდინარეობს და ამ დრომდე ასეთი რამე ნანახი არ არის“, – თქვა ადვოკატმა მედიასთან.