პოლიციამ პარლამენტთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს „პუბლიკის” ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე იძალადა – პოლიციელებმა მას ხელი დაარტყეს და თმაზე მოქაჩეს.
პოლიციელებმა ასევე იძალადეს ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზე, როცა მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილები პოლიციამ შესასვლელის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
ჟურნალისტებს უნდოდათ, პარლამენტის შენობისთვის მსვლელობით შემოევლოთ წრე. სწორედ ამ დროს იძალადა მათზე პოლიციამ.
დააკავეს, სავარაუდოდ, 2 ადამიანი. ვინ არიან დაკავებულები ან რომელი მუხლის საფუძველზე — „პუბლიკა” შსს-ს დაუკავშირდა. უწყებისგან ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.
ჟურნალისტები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 11:00 საათიდან შეიკრიბნენ — მათ პროტესტის გამოხატვა „ქართული ოცნების“ პარლამენტის სხდომის პარალელურად სურდათ — „ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დღეს მოხსენებით წარსდგა. სხდომა 28 წუთში დასრულდა, ვინაიდან ყაველაშვილის სიტყვის შემდეგ კითხვა არავის დასვა.