პოლიტიკაში პირადი რეიტინგი გადამწყვეტი არაა, მთავარია რა გაქვს გაკეთებული - თალაკვაძე

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის თქმით, მაღალი რეიტინგი აქვს თავად „ქართულ ოცნებას“, რაც გუნდური შედეგია და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის დამსახურება. თალაკვაძე Facebook-ზე წერს, რომ მთავარია არა მაღალი რეიტინგი, არამედ „ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული“.

„ევროპული დემოკრატია პარტიების შეჯიბრია და ფაქტია, არჩევნებშიც და საზოგადოებრივი აზრის ახალ კვლევებშიც „ქართულ ოცნებას“ პარტიებს შორის დღესაც ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს. ეს გუნდური შედეგია.

გარდა ამისა, ვინც მუშაობს და იმ საქმეს აკეთებს რისიც მართლა სჯერა, შეიძლება რეიტინგიც „დახარჯოს“ ამაში – ეს კანონზომიერია.

შესაბამისად, მხოლოდ პირადი რეიტინგი არ არის პოლიტიკაში გადამწყვეტი. არაერთი მაგალითი გვაქვს, როდესაც „მაღალი რეიტინგის“ მქონე პოლიტიკოსები არჩევნებში დიდ შედეგს ვერ იღებენ და პროგრესს ვერ უზრუნველყოფენ და პირიქითაც. გამარჯვება პირველ რიგში იდეის, შენი ქვეყნის და გუნდის ერთგულებაზე, სანდოობაზე და მოკავშირეებზე არის დამოკიდებული.

მთავარია ვის რა საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული, რა რეფორმები, რა დიდი პროექტები, ან რისი გაკეთება გინდოდა მთელი გულით და ვერ გააკეთე. საბოლოო ჯამში, ამით შეგვაფასებს ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ქვეყანა.

წინ გავიხედოთ და მომავალზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს. ვინც მომავალს ხედავს, ის მშვიდ და წარმატებულ გადაწყვეტილებებს იღებს. იმედი მაქვს, ყველა პროგრესული პოლიტიკური ძალა გამოიჩენს უნარს, დავინახოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და დასავლელ მეგობრებთან ერთად, სწორად გავატაროთ საქართველო იმ გზაზე, რომელიც რთული გეოპოლიტიკური კონტექსტის და პანდემიის მიუხედავად, წარმატებული იქნება“ – წერს თალაკვაძე.

12 აპრილს გამოქვეყნდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევ შედეგები, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებს შორის ყველაზე რეიტინგული გიორგი გახარიაა. გახარიას მოსდევს კახი კალაძე და დავით ბაქრაძე. დავით ბაქრაძის შემდეგ ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი ოპოზიციიდან ნიკა მელიაა.