პოლიტიკოსების საქმეზე სასამართლოში პროკურატურის მოწმის სახით ტიკტოკერი ნინო ონიანი გამოიკითხა

პუბლიკა

8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმეზე პროკურატურამ მოწმის სახით გამოჰკითხა ტიკტოკერი ნინო ონიანი. პროკურატურის განცხადებით, ის ჟურნალისტია, რომელსაც საქმისთვის მნიშვნელოვანი აუდიოჩანაწერი აქვს.

ნიკა გვარამიას ადვოკატის, ქეთევან ჩომახაშვილის თქმით, ონიანმა სასამართლო პროცესზე თქვა, რომ არის „ქართული არხის“ ჟურნალისტი და წარმოადგინა ამისი დამადასტურებელი ცნობა. ჩომახაშვლისვე განცხადებით, ონიანის თქმით, წყარომ მიაწოდა რაციის ჩანაწერები, სადაც დანაშაულებრივი ქმედებებია ასახული; როგორც ჟურნალისტმა, არ დაასახელა წყარო. თუმცა, მისთვის მიწოდებული ინფორმაცია ონიანს, როგორც ჟურნალისტს, არსად არ გამოუქვეყნებია.

„თქვა, რომ მიაწოდეს, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ არ გამოუყენებია ეს ინფორმაცია. მეტიც, თქვა, რომ როგორც ჟურნალისტს არც ერთი სტატია და სიუჟეტი არ აქვს მომზადებული და განაცხადა, რომ მოუსმინა ამ ჩანაწერებს და ამ ჩანაწერებში ასახული იყო დანაშაულებრივი ქმედებები. არ იცის, ვინ საუბრობს ამ ჩანაწერებში. რამდენჯერმე ვცადეთ, დაეკონკრეტებინა, რა მოისმინა. ერთადერთი რაც მოისმინა, თქვა – ჩანაწერებში ისმის „მოლოტოვის კოქტეილებზეო”. დაცვის მხარემ მას ჰკითხა, ხომ არ მოისმინა რომელიმე პოლიტიკოსის ხმა, იცნობდა, თუ არა პოლიტიკოსებს რომ მოესმინა, მან თქვა, რომ იცნობდა, მაგრამ პოლიტიკოსების ხმა იქ არ მოუსმენია“, – თქვა ქეთევან ჩომახაშვილმა.

ომარ ფურცელაძე, რომელიც გიორგი ვაშაძის ინტერესებს იცავს, ამბობს, რომ სასამართლო პროცესზე „ზღაპრის გმირი მიიყვანეს, რომელიც სტატიებს წერს, მაგრამ არსად აქვეყნებს და ინახავს“.

ფურცელაძისვე თქმით, პოლიტიკოსების ადვოკატებმა სასამართლო პროცესზევე მოითხოვეს, ნინო ონიანის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას მის მიერ გაკეთებული განცხადებები.

ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძის თანახმად, ნინო ონიანმა სასამართლო პროცესზე თქვა ისიც, რომ მას რაციის ჩანაწერები „არ მიუღია ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისათვის“.

„შესაბამისად, ის აღმოჩნდა ასე ვთქვათ შუამავალი ადამიანი, რომელმაც გადასცა პროკურატურას აღნიშნული ჩანაწერი რაციების სხვა, რომელიც აი ამ ჩანაწერში იყო ასახული“, – თქვა არჩილ ჭავჭანიძემ.

პოლიტიკოსების დევნის საქმეზე დღეს სასამართლომ 3 მოწმე გამოჰკითხა, ახლა კი გელა ნიკოლეიშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ნიკოლეიშვილი „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული „ნეიტრალური საქართველოს“ წევრია – სწორედ „ნეიტრალური საქართველოს“ განცხადების საფუძველზე დაიწყო პროკურტურამ სისხლის სამართლის საქმე.

წინა პროცესზე, რომელიც 14 ივლისს გაიმართა, ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ თქვა, რომ „ბრალის დადგენილებაში მტრულ სახელმწიფოდ მოხსენიებულია ამერიკის შეერთებული შტატები“. 14 ივლისის პროცესზე გამოჰკითხეს „ნეიტრალური საქართველოს“ 4 წევრი.


8 პოლიტიკოსის მიმართ პროკურატურამ საბოტაჟის, საბოტაჟის მცდელობისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით გამოძიება 2025 წლის 6 ნოემბერს დაიწყო. ამ საქმის ფარგლებში არიან ბრალდებუია 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

პროკურატურამ 8 პოლიტიკოსს – ელენე ხოშტარიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და მიხეილ სააკაშვილს ახალი ბრალდება 2025 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.

სასამართლოში სხდომები მედიისა და საზოგადოებისთვის დახურულია.

დაახლოებით ერთი თვის წინ დაჩქარდა საქმის განხილვაც. თავდაპირველად შეთანხმებული განრიგით, სხდომები თვეში ერთხელ უნდა გაემართათ, პროკურატურის შუამდგომლობით კი ივნისიდან სხდომები კვირაში ორჯერ დანიშნეს.

პროკურატურამ არგუმენტად „სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება“ დაასახელა.

ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს გადაწყვეტილება სწრაფ მართლმსაჯულებას არ უკავშირდება და პოლიტიკური სარჩული აქვს.

ამ ეტაპზე სასამართლო პროკურატურის მტკიცებულებებს იკვლევს. რა ჩვენებებს აძლევენ მოწმეები პოლიტიკოსების წინააღმდეგ – დახურული სხდომების შინაარსს საზოგადოება მხარეების მიერ პროცესიდან გამოტანილი ინფორმაციით იგებს.

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს. მათი თქმით, საქმეში დევს პოლიტიკოსთა პოლიტიკური განცხადებები და სასამართლოში მოწმეები ამბობენ, რომ ბრალდებულთა ჟესტიკულაციით დარჩათ აღქმა, რომ ისინი მოქალაქეებს პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდნენ. ადვოკატებმა საქმეს „ჟესტების საქმეც“ უწოდეს.

ისინი მოელიან, რომ ამ ტემპით ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში უკვე განაჩენი დადგება.