პოლიტიკურ სპექტრს ხალხი მძევლად ჰყავს აყვანილი - დოლიძე მიშელის ახალ დოკუმენტზე

პუბლიკა

„პოლიტიკოსებმა ჩაგვაყენეს ვითარებაში, რომლის თანახმადაც, უნდა ვეხვეწოთ მათ, ხელი მოაწერონ შარლ მიშელის შეთანხმების  დოკუმენტს, განმუხტონ კრიზისი და შევიდნენ პარლამენტში.  ძალიან სამწუხარო და გასაბრაზებელია, რომ ხალხი, რომელიც პოლიტიკური პოზიციებისა და დღის წესრიგის დამკვეთი უნდა იყოს, მძევლად ჰყავს აყვანილი პოლიტიკურ სპექტრს,“ – ასე გამოეხმაურა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ქართულ პოლიტიკური სპექტრის მიმართ საქართველოში შექმნილი ვითარების დარეგულირების მიზნით დამატებით წინადადებების შეთავაზებას.

 „ქართულ ოცნებას“ ჯერაც არ მოუწერია ხელი ამ შეთანხმებაზე, ვინაიდან აწყობს ეს კრიზისი, რომელიც, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება, მით ნაკლები დრო დაგვრჩება რეალურ პრობლემებზე სასაუბროდ. მოსახლეობის 60%-ს მოსწყინდა საუბარი ბოიკოტზე, სახალხო დაკვეთაა, რომ დავუბრუნდეთ პრობლემებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური დღის წესრიგის დამკვეთები. ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ პოლიტიკოსებს, თუკი არ ილაპარაკებენ საქმეზე, დაისჯებიან იმ ხმებით, რომელსაც არ მიიღებენ არჩევნებში. ჩვენ „ხალხისთვის“ ვრჩებით ამ პრობლემების სადარაჯოზე. შარლ მიშელის ეს დოკუმენტი არის ძალიან კარგი. ესაა კომპრომისული დოკუმენტი. ახლა კი პოლიტიკურმა პარტიებმა, პირველ რიგში ხელისუფლებამ, უნა მიიღონ გადაწყვეტილება – ან წაიყვანენ ქვეყანას წინ, ან ჩვენ ისევ მოვიხარშებით საკუთარ წვენში, რაც პოლიტიკურ ფასად უნდა დაუჯდეს იმ ელიტას, რომელიც ტელევიზორიდან გველაპარაკება,“ – აცხადებს დოლიძე.