„პოლიტპატიმრებზე არ არის თემა დახურული“ | ენმ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ თალაკვაძის ბრიფინგზე

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ პარტია დოკუმენტს ხელს არ აწერს.

„მანამ სანამ 2 მთავარ საკითხზე არ მოხდება შეთანხმება სრულად შეთანხმება არ იქნება მიღებული, ამიტომ როცა ლაპარაკია პოლიტპატიმრების გამოშვებაზე და ვადამდელ არჩევნებზე, ეს არის მთავარი საკითხები.

ბრიფინგმა დაადასტურა, რომ ჩვენი პარტნიორების შედეგად „ქართულ ოცნებას“ მოუწია კომპრომისი იმ სამ საკითხზე, რომელიც კომპრომისს ეხება, მაგრამ ხაზს ვუსვამ – ორ მთავარ საკითხზე შეთანხმება უნდა მოხდეს“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენლის, სერგო ჩიხლაძის თქმით, თალაკვაძის განცხადებას სჭირდება დეტალური ანალიზი და მას განიხილავენ როგორც პარტიის პოლიტსაბჭოზე, ასევე ოპოზიციონერ კოლეგებთანაც.

„კითხვის ნიშნებია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, რაც შეეხება თვითმმართველობის 40%-ზე მიბმას, ეს თავისთავად დანიელსონის დოკუმენტში არ წერია, ეს პუნქტია ჩასამატებელი, ოღონდ აქ სერიოზული სამსჯელოა, იმიტომ, რომ 40% თვითმმართველობის არჩევნებზე არის ძალიან პატარა ზღურბლი“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ჩიხლაძის თქმით, „ამაზე მსჯელობა ზედაპირულად ვერ მოხდება, უნდა მოხდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ყველა დეტალის გავლით“.


დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

„ჩვენ დიალოგის დასკვნით შეხვედრაზევე დავაფიქსირეთ დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა, რაც ასევე არაერთმა ოპოზიციონერმა თქვა თავის კომენტარში. თუმცა, დღემდე არ მოვაწერეთ ხელი, რადგან ველოდით ოპოზიციისგან შემხვედრ ნაბიჯებს და დაველოდეთ, სანამ ელჩები დამატებით კონსულტაციებს გამართავდნენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტში ევროკავშირმა არ შეიტანა რიგგარეშე არჩევნების საკითხი. რაც საპარლამენტო არჩევნებისა და პარლამენტის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურება გახლავთ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის მიერ გამოთქმულ ბრალდებას არჩევნების გაყალბების შესახებ საერთაშორისო საზოგადოება არ იზიარებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, „ოცნება“  არათუ დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს აწერს ხელს, მეტიც, გამოხატავს მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებში ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი.

„ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას. ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს. ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან “, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.