პრემიერმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალური მრჩეველი წარადგინა. პრემიერის სპეციალური მრჩეველი ვაზილ ჰუდაკი იქნება.

პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში აქამდე მრჩეველი არ ჰყოლია.

„მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში, რა თქმა უნდა, უცხოურ ინვესტიციებს ექნება წამყვანი როლი. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, მეტ დასაქმებას, მეტ შემოსავალს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამიტომ შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი.

ის არის საქართველოს დიდი მოქალაქე და დიდი მეგობარი. მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. კარგად იცნობს ჩვენს ეკონომიკურ გუნდს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.