საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება და მათ შეკითხვებს პასუხობს. კინოცენტრის პროტესტთან დაკავშირებით „პუბლიკის“ შეკითხვაზე, პრეზიდენტმა თქვა, რომ აქტიურად ადევნებს თვალყურს ამ პროცესებს.
„ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ, არ გამოვსულვართ არცერთი რეჟიმის დროს. ვინმემ არ თქვას ახლა რომ წინა ხელისუფლება ამაში იყო უმწიკვლო და ახლა …
როცა ხელისუფლება თავისი მმართველობის იმ პერიოდშია როცა გრძნობს, რომ მისი ლეგიტიმურობა, არჩევნებში ხალხის მხარდაჭერა ცოტა შერყეულია, რაც ბუნებრივია დემოკრატიულ სახელმწიფოში.. მაგრამ ჩვენთან ვერ ეგუებიან ამას, რომ რეიტინგი ეცემა, არ არის გარანტირებული არჩევნების მოგება და მერე იწყება თავდავიწყება, “- თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
კინემატოგრაფისტები და კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენლები ორ კვირაზე მეტია კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.
მას შემდეგ, რაც კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ კობა ხუბუნაიასთან შეხვედრის მცდელობები უშედეგოდ დასრულდა, მათი ორი კონკრეტული მოთხოვნა აქვთ უკვე კულტურის სამინისტროსთან. ეს მოთხოვნებია:
- შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი;
- შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი.
კინემატოგრაფისტებმა 22 ივნისს ოფიციალური წერილი შეიტანეს კულტურის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. ამ დრომდე მათ პასუხი არ აქვთ.